„2011 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების მიმართ არათანაბარი მიდგომით ხასიათდებოდა“, - ეს განცხადება 2011 წლის ფინანსური ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა აუდიტის სამსახურის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო მეტად ინტერესდება სხვა პარტიების შემომწირველების საკითხით, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობის".
"შარშან იყო არაერთგვაროვანი მიდგომები. მაშინ, როცა 2011 წლის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ჩამოაყალიბა "ქართული ოცნება" და დაიწყო კოალიციის სასარგებლოდ შემოწირულობების განხორციელება, აუდიტის სამსახურმა მყისიერი რეაქცია მოახდინა ამაზე და შემომწირველი ხალხისა და კომპანიების შესახებ აბსოლუტურად ამომწურავი ნუსხა გამოაქვეყნა. იგივე ინტერესი არსებობს "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველების მიმართ და მათ შესახებ ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, მაგრამ ის არ გასაჯაროებულა“, - განაცხადა მან.
ნატროშილი მიიჩნევს, რომ როცა ერთ პარტიაზე ყველაფერს აქვეყნებ და მეორეზე არაფერს ამბობ, ეს საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ არის არათანაბარი მიდგომები.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასულ წელს დაფარული იყო გარკვეული საჯარო ინფორმაციაც.
"მაგალითად, შემომწირველი ფიზიკური პირების მისამართები ავიღოთ. ჩვენ აუდიტის სამსახურისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ და მოგვცეს კიდეც, თუმცა ის ყველა პარტიის შემომწირველის მისამართებს მოიცავს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. აუდიტის სამსახურს სურს, რომ საზოგადოება მის ობიექტურ მსაჯულობაში დაარწმუნოს, მაგრამ ეს ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ“, - აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი მიდგომები დღესაც გრძელდება და ხშირად აუდიტის სამსახურის ქმედება არაერთგვაროვანი და სრულიად უკანონოა.