კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები, ზვიად ძიძიგური და ზურაბ ტყემალაძე, კოალიციის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ისინი საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისთვის“ ნომერი 7-ის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს აცნობენ.
კოალიციის ლიდერების განცხადებით, ცესკომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ცესკო-მ გამოგვიცხადა, რომ ნომერი 7-ის მინიჭებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ამის გამო, ჩვენ იძულებული ვიყავით ასეთი ფორმატით მოგვეთხოვა არასამთავრობოებთან შეხვედრა“, - განაცხადა ძიძგურმა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები „NDI”, „IRI“, „საია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ესწრებიან.
დღეს საარჩევნო ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერებმა, ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა განაცხადეს, რომ ცესკო-მ ბლოკს ნომერ 7-ის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამასთან, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილსაც შეხვდნენ და გადასცეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოიყენებს ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის - "კონსერვატიული პარტიის" საარჩევნო ნომერ 7-ს.
ცესკო-ს განცხადებით, იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი დაიტოვოს, ბლოკის წევრ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე“ - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.