1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამეტო არჩევნებისთვის უფასო სარეკლამო დროით სარგებლობას 4 საარჩევნო სუბიექტი შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
განცხადებაში იმ საარჩევნო სუბიექტების სიაა გამოქვეყნებული, რომელიც ამ დროისათვის არჩევნებისთვის ყველაზე კვალიფიციურია.
ცესკო-ს ინფორმაციით, უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნით სუბიექტებს – "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება", "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".
ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა.
კომისია სამაუწყებლო კომპანიებს მოუწოდებს, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინონ და უფასო პოლიტიკური რეკლამა საკუთარ ეთერში მხოლოდ იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყონ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
"ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო პროცესში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის გადაანგარიშებისას უნდა იხელმძღვანელონ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს #9 დადგენილებით – "საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი"., - განმარტავენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.