პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თეა წულუკიანი, დღეს თემქის მე-3 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
წულუკიანის განცხადებით, მთელი რაიონის მსგავსად, თემქაზეც უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა რჩება. მოქალაქეებს არ აქვთ ოჯახის შენახვის, ავადმყოფის მოვლის, ბავშვებისთვის კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა.
„თემქაზე „ყველა სიკეთესთან“ ერთად ონკანებში სასმელად უვარგისი, ჟანგიანი წყალი მოდის, რომლითაც მოქალაქეები იწამლებიან. აქვე ვნახეთ დიდი მიტოვებული ტერიტორია, სადაც ადრე საფეხბურთო სტადიონი და ქარხანა იყო, ახალი კი, ქვეწარმავლები ბინადრობენ და ახლომდებარე კორპუსებს საფრთხეს უქმნიან“ - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ, უსაზღვროდ დიდი თანხები ქვეყნისათვის ყოვლად არასაჭირო პროექტებში იხარჯება. სწორედ ამ დროს კი, უამრავი ადამიანი სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინშია.
„გვინდა რომ ბიუჯეტის ფული, მხოლოდ მნიშვნელოვან პროექტებში დაიხარჯოს და 1.5 მილიარდი დოლარი ლაზიკას მშენებლობაში არ წავიდეს, რომელიც არავის სჭირდება. წარმოვიდგინოთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება 1.5 მილიარდით უკვე არსებულ ქალაქებსა და სოფლებში“ - აღნიშნა წულუკიამნა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას,ასევე,„ქართული ოცნების“ დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის პროგრამებიც გააცნო.