პენსიონერებმა საარჩევნო ბლოკ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასისათვის“ სიმბოლური თითო-თითო ლარის შეწირვა ვერ შეძლეს. აღნიშნული ფაქტი From.ge-თან საუბარში ჯონდი ბაღათურიამ დაადასტურა.
მან აღნიშნა ის, რომ დღევანდელ რეალობაში, ყველა ბანკი სახელმწიფოს კუთვნილებაა და მომხდარი ქმედებაც მხოლოდ პოლიტიკური საბაბით შეიძლება აიხსნას.
ბაღათურია განმარტავს,რომ საქართველოს ბანკის მიერ გამოცემული ინსტრუქციით პარტიისთვის შემოწირულობის განხორციელება ბანკში ანგარიშის არ არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდა, საბანკო ანგარიშის გახსნაზე, მისივე თქმით 10 ლარი მოითხოვეს. "საქართველოს ბანკის" პეკინის ფილიალთან დღეს შეკრებილ პენსიონერებს, კი საჭირო თანხა არ აღმოაჩნდათ.
„პენსიონერებს, რომელთაც მინიმალური საარსებო პირობებიც კი არ გააჩნიათ, მოვიდნენენ, რათა რეალური მხარდაჭერა გამოეხატათ ჩვენი პარტიის მიმართ, სამწუხაროდ, მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს და იძულებულნი გახადეს, გაწბილებულნი უკან გაბრუნებულიყვნენ“,- განაცხადა პარტიის ლიდერმა
„ჯონდი ბაღათურია-ქართული დასის“ ლიდერი მომხდარ არაადეკვატური ქმედების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და ადასტურებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობენ პარტიაში.
ბაღათურია, ასევე საუბრობს პენსიონერების აღშფოთებაზე მომხდართან დაკავშირებით და ამბობს, რომ ის სითბო, რაც დღეს მის მიმართ გამოხატეს, გული აუჩუყა მას.
„ჩვენ არ დავუშვებთ პენსიონერების მიერ ჩვენს პარტიაში 1 ლარის გადმორიცხვის შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის ხაზინაში 10 ლარი ჩაირიცხოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გულდაწყვეტილ პენსიონერებს საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა კანონის ფარგლებში მიეცეთ“,-აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.