სამგორში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, უპასუხისმგებლო და მატყუარა ხელისუფლების ქმედების შედეგად, მძიმე ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან ქალაქის ნაგავსაყრელის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობისა, 2010 წელს ხელისუფლებამ ქალაქის ნაგავსაყრელი გლდანიდან დიდი ლილოს, ვაშაგურის, წილუბნის და ბროწეულას მიმდებარე, კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე გადმოიტანა.
„ნაციონალური მოძრაობის" დაპირება იყო, რომ აშენდებოდა ულტრათანამედროვე ნაგვის გადამმუშავებელი ქარხანა, დასაქმდებოდა ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი, მოსახლეობა გათავისუფლდებოდა დასუფთავების გადასახადისგან, მიიღებდა უფასო აირს და რაც მთავარია, მოსახლეობას და გარემოს არ მიადგებოდა არავითარი ზიანი. ნაცვლად ულტრათანამედროვე ქარხნისა, დასაქმებისა და დაპირებული კეთილდღეობისა, მივიღეთ მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებული სახნავ-სათეს მიწებზე მოწყობილი ღია ნაგავსაყრელი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2010 წლის 24 მარტის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სამხდრო და სამოქალაქო აეროდრომებიდან 10-12 კილომეტრის რადიუსში პოლიგონის მოწყობა დაუშვებელია.
„განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყალი, რომელიც ჩაედინება სამგორის ზემო მაგისტრალურ არხში და შემდეგ იქიდან თბილისის ზღვაში, საიდანაც ნახევარი თბილისი სასმელ წყალს იღებს“, - დასძინა მან.