ქალაქ ბათუმსა და ესპანეთის ქალაქ მარბელას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტეროტორიაზე, 6-დან 9 სექტემბერამდე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „INTER ART BATUMI 2012” გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, ჩატარდება მასტერკლასები და კონკურსები. ბათუმის ბულვარში დამონტაჟდება სცენა, სადაც ყოველ საღამოს, მაიამიდან, ლონდონიდან, ესპანეთიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული უცხოელი მომღერლებისა და ქართველი შემსრულელების კონცერტები გაიმართება. ფესტივალის მონაწილეებს: სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს, ფოტოგრაფებსა და სამხატვრო გალერეის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, საკუთარი შემოქმედება მაქსიმალურად წარმოაჩინონ. მასტერკლასებს დამწყები მხატვრებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის პროფესიონალი ქართველი და ევროპელი ხელოვანები წარუძღვებიან. ახალგაზრდებისთვის გაიმართება, ხატვის კონკურსი „ერთი დღე ესპანეთში,“ გამარჯვებულს ქართველი და ესპანელი ჟიურის წევრები გამოავლენენ და სპეციალურ სერთიფიკატებს გადასცემენ.