სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმაურება

სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ბოლო პერიოდში გახშირებულ ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავისშეკავებისკენ მოუწოდებს. 

უწყების ინფორმაციით, პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა. მათივე ცნობით, ანტითურქული განცხადებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ისე მედია წარმომადგენლების მიერ და აღნიშნეს, რომ თურქოფობული აქცენტები  აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც გაკეთდა.

„გამომსვლელები, საქართველოში სხვადასხვა ტიპის თურქულ საფრთხეზე საუბრობდნენ. ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ასევე ხშირად ჟღერს მედია სივრცეშიც. აღნიშნული პროცესი თურქეთს წარმოაჩენს, როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით: ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყობითაა დაკავებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ქსენოფობიის, სიძულვილის ენის გამოყენებისგან, რათა არ მოხდეს ეთნიკური ან/და რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისება საზოგადოებაში", - ნათქვამია ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.

ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბათუმში, შენობებზე გაჩნდა წარწერები: "ბათუმი თურქების გარეშე", რაც სწორედ მსგავსი რიტორიკის გამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ. ცენტრში მიიჩნევენ, რომ ინტენსიურმა ანტითურქულმა პროპაგანდამ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეთა და საზოგადოების განწყობის ცვლილება, სტერეოტიპებისა და უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

„აღნიშნული ერთი მხრივ, ქართულ-თურქულ მეგობრულ ურთიერთობებს მნიშვნელოვან დაბრკოლებას შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ ამან შესაძლოა რეალური საფრთხეების წინაშე დააყენოს საქართველოში მცხოვრები და ჩვენს ქვეყანასთან ამა თუ იმ კუთხით დაკავშირებული თურქები", - აღნიშნულია განცხადებაში.