„ქართული ოცნება“ პარლამენტის მყიდველის ვინაობით დაინტერესდა და წერილით შესაბამის უწყებას – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა. ვერა ქობალიას უწყებამ კი „ქართული ოცნების“ წერილი საკანონმდებლო ორგანოსკენ გადმოამისამართა.
როგორც From.ge-სთვის გახდა ცნობილი „ქართული ოცნების“ წევრმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკის სამინისტროს წერილით მიმართა და პარლამენტის მომავალი მფლობელის შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.
ეკონომიკის სამინისტრომ კი წერილი პარლამენტს გადაუგზავნა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით პასუხი ვერც საკანონმდებლო ორგანოსგან მიიღო.
„ქართული ოცნების“ გარდა პარლამენტის მყიდველის ვინაობით მოსახლეობის დიდი ნაწილია დაინტერესებული, თუმცა, კონკრეტული პასუხი არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს არა აქვს.
ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - თუ ვინ შეიძინა პარლამენტის შენობა, დავით ბაქრაძემ მედია ეკონომიკის სამინისტროსკენ გადაამისამართა.
პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს ეკონომიკის სამინისტროსკენ მიუთითებს, სამინისტრო კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტისკენ ამისამართებს.
არც ერთ ორგანოს, არც საკანონმდებლოს და არც აღმასრულებელს პარლამენტის შენობის ბედის შესახებ ინფორმაცია არა აქვს. თუმცა, კითხვას – გაიყიდა თუ არა თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა ბოლოს და ბოლოს პასუხი ხომ უნდა გაეცეს?
სანამ პარლამენტში მის გაყიდვაზე კონკრეტულს არაფერს ამბობენ, გუშინ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სატვირთო მანქანა შევიდა, რომელზეც პარლამენტის ავეჯი დატვირთეს.
პარლამენტი საკუთარ ავეჯს ცესკოს გადასცემს. ცენრტალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა: სკამები, მაგიდები, სეიფები, კარადები, კომპიუტერები და ტელევიზორები. პარლამენტის ინვენტარის ნაწილს კი ქუთაისის ახალ პარლამენტში გადაიტანენ.
ამ დრომდე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მდუმარებაშია ჩავარდნილი. როდის გახდება საჯარო რა ფასად გაიყიდა პარლამენტის შენობა და ვინ გახდა მისი რეალური მფლობელი? ამ შეკითხვაზე პასუხი ალბათ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.