არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" დღეს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაში მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საელჩების, ცესკო-ს, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის, სამოქალაქო რეესტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წრმომადგენლები მიიღებენ და ის მრგვალი მაგიდის ფარგლებში მოეწყობა.
ორგანიზაციის ცნობით, პროექტი ევროპის საბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება
"პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა სიის სრულყოფის პროცესს კომისიის საქმიანობის მონიტორინგის, გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით", - აცხადებენ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში".
აღნიშნული პრეზენტაცია დღეს, 13:30 საათზე, სასტუმრო "ბეტსში" გაიმართება.