ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სააღსრულებლო პროცედურა გუშინ დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ From.ge - სთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტი მას გუშინ ჩაბარდა.
მისი თქმით, ივანიშვილს დამატებით მთლიანი საჯარიმო თანხის 7% აქვს დარიცხული. რაც დაახლოებით მილიონ 400 ათასი ლარია.
„ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმისა და დამატებითი თანხის გადახდის 7 დღიანი ვადა განესაზღვრა. თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი შესაბამისი უწყება თანხის იძულებითი ამოღების ზომებს მიიღებს“, - განაცხადა თადუმაძემ.
რაც შეეხება, გადაიხდის თუ არა აღნიშნულ თანხას კოალიციის ლიდერი, თადუმაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
„მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს სტიქიით დაზარალებულთათვის ივანიშვილი კიდევ ერთხელ გადარიცხავს თანხას“, - განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს კოალიციის ლიდერი, განცხადებას ამის თაობაზე ის თავად გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 243 827 ლარით დააჯარიმა.