საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გახსნა და რუსთაველებს პროექტის დაწყება მიულოცა. პროექტი რუსთავის თანამედროვე ავტობანით დედაქალაქთან დაკავშირებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტმა გზის მშენებლობის დაწყება ისტორიულ მოვლენად შეაფასა. მისი თქმით, გზის მშენებლობა მომავალი წლისთვის დასრულდება, რის შედეგად რუსთავის გასასვლელიდან მის ცენტრამდე სავალი ნაწილი 7 წუთი იქნება.
პრეზიდენტის თქმით, შემდეგ უკვე ეს გზა ბაქოსკენ მიმავალ გზას შეურთდება და გაჩნდება არნახული შესაძლებლობები.
„ეს იმის საშუალებას მოგცევმს, რომ ის პროცესები, რომელიც ამ ქალაქში დაიწყო ინდუსტრიული და სავაჭრო განვითარება, ხალხის დასაქმება და სხვა პროცესები, 3 ჯერ სწრაფად წავიდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, აღმშენებლობის პროცესები ვადებს არ უკავშირდება.
"ვამაყობ, რომ ამ მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მაგრამ ასევე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ სხვა აღმშენებლობითი პროცესები. ეს არ უკავშირდება ვადებს და არავადებს. ვაპირებთ საქართველო ვაშენოთ შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში. ამ დღეს დიდი ხანია ველოდი და დღეს ბედნიერი ვარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მშენებლობაზე 2000-მდე ადამიანი დასაქმდება. ავტომაგისტრალის ერთი ნაწილი ასფალტ-ბეტონის, ხოლო მეორე ცემენტ-ბეტონის იქნება.
მშენებლობა დაფინანსებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ. გზის ექსპლუატაციის ვადა 32 წელია.