„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო, რომელიც დროებითი მმართველობის დროს 50 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო ხელშეკრულებების გაუქმებას ითვალისწინებს.
„ბანკს ამ კრედიტების გაცემის რესურსი არ გააჩნია. ამ ხელშეკრულებებში ყველა პირობა მიმართულია ბანკის საწინააღმდეგოდ, აქედან გამომდინარე, მათ გაუქმებას ვითხოვთ. მივიღე ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო. დაიწყო სასამართლო პროცესი ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართუ ბანკის“ განცხადების თანახმად, ბანკის დროებითმა მმართველობამ, რომლებიც სასამართლომ აღსრულების ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღების პერიოდში მიავლინა, 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს.
ბანკი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაფორმდა. კერძოდ, დაირღვა „ბანკი ქართუს“ სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები.