პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მონიტორინგის პირველადი შედეგები წარმოადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს კოალიციის ოფისში კოალიციის კოორდინატორმა კახეთში ირაკლი ქადაგაშვილმა, გურჯაანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა, ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ქევხიშვილმა და თელავის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა პრესკონფერენცია გამართეს.
მათი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიყენებული რეალური ზარალი აუნაზღაუროს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მაჟორიტარები რეგიონებში ზარალის აღწერის მიზნით მონიტორინგს ატარებენ, რაც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამ პროცედურის შემდეგ კი, შეჯამებული მასალები გადაეცემა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ანალიზს გაუკეთებს და მიღებულ მონაცემებს პრობლემების მიხედვით დაახარისხებს.
გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, გურჯაანის რაიონში სოფლების დაახლოებით 70% აღწერილია.
მისი თქმით, უმძიმესი სურათია, კერძოდ, ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლების აღდგენა შეუძლებელია, ხოლო ბაღ-ვენახი სრულად არის განადგურებული.
„სოფელი განადგურებისკენ მიდის, ამიტომ ამ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ მოსახლეობას რეალური ფინანსური დახმარება გაუწიოს“,-განაცხადა ბერიკაშვილმა.
როგორც თელავის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა აღნიშნა, მონიტორინგის შედეგად,რომელმაც ამ ეტაპზე 1500-მდე ოჯახი მოიცვა, გამოავლინა, რომ თელავში თითო ოჯახის ზარალი საშუალოდ 3000 ლარს აღწევს, ხოლო სოფლებში 8-10 ათასი ლარია.
მისივე თქმით, მოსახლეობას ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ აქვს.
რაც შეეხება ყვარლის რაიონს, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ძირითადად გავაზი და ბალღოჯიანი დაზარალდნენ, სადაც მიწის მაღალი მოსავლიანობიდან გამომდინარე, ოჯახების ზარალი 10 ათას ლარს აღემატება.
მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებენ, რომ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიყენებული ზარალის ადეკვატური კომპენსაცია მიიღოს.