გიორგი ბარამიძე ბათუმში იყრის კენჭს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე თანამდებობიდან ამ დღეებში გადადგება.
გადადგომის შემდეგ გიორგი ბარამიძე აჭარაში აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. ამაში კი მას აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე დაეხმარება.
თავდაპირველად გიორგი ბარამიძის კანდიდატურის დაყენებას ნაციონალური მოძრაობა დიდუბეში აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. არადა, დიდუბეში მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრაზე ნაციონალებმა თქვეს, რომ ამ რაიონში სწორედ ბარამიძის კანდიდატურა იქნებოდა დასახელებული. მას შემდეგ რაც ბარამიძის რეიტინგი გაზომეს, მიხვდნენ, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში გამოცდილ მინისტრს დიდუბეში მაინც და მაინც დიდი შანსი არ ჰქონდა. ამის შემდეგ გიორგი ბარამიძის კანდიდატურის დაყენება ბათუმში გადაწყვიტეს. ბარამიძე, წლების წინ, ორჯერ უკვე იყო დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი.
საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბარამიძეს რამდენიმე თანამდებობა ეკავა. იგი პირველად დეპუტატი 1992 წელს გახდა. ბარამიძე იყო საპარლამენტო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირი“-ს თავმჯდომარე, პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. იგი დღემდე არის ვიცე პრემიერ-მინისტრი.