პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ვარშალომიძეს ახალი დავალება მისცა. აჭარის მთავრობის მეთაურს აჭარაში საპარლამენტო არჩევნების მოგება, კერძოდ, კი ბათუმში გიორგი ბარამიძის სასარგებლოდ მუშაობა დაევალა.
პრეზიდენტისგან დავალება ლევან ვარშალომიძემ ბეშუმში სტუმრობის შემდეგ მიიღო. ამ შეხვედრის დროს ვარშალომიძემ პრეზიდენტთან აჭარაში წარსადგენი მაჟორიტარი კანდიდატების სია შეათანხმა.
როგორც ცნობილია, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევა მთლიანად ლევან ვარშალომიძის ერთპიროვნული პრეროგატივაა. ამაში ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩარეულა.
ვარშალომიძემ ბათუმის გარდა ყველა მაჟორიტარის კანდიდატურა პირადად შეარჩია. სწორედ მან დაასახელა და პრეზიდენტთან შეათანხმა შუახევის, ხულოს, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მაჟორიტარებობის კანდიდატები.
ბათუმში კენჭს გიორგი ბარამიძე იყრის. ბარამიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან ამ დღეებში გადადგება. გადადგომის შემდეგ ბარამიძე აჭარაში აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. ამაში კი მას აჭარის მთავრობის მეთაური დაეხმარება.
თავდაპირველად გიორგი ბარამიძის კანდიდატურის დაყენებას ნაციონალური მოძრაობა დიდუბეში აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. არადა, დიდუბეში მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრაზე ნაციონალებმა თქვეს, რომ ამ რაიონში სწორედ ბარამიძის კანდიდატურა იქნებოდა დასახელებული. მას შემდეგ რაც ბარამიძის რეიტინგი გაზომეს, მიხვდნენ, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში გამოცდილ მინისტრს დიდუბეში მაინც და მაინც დიდი შანსი არ ჰქონდა. ამის შემდეგ გიორგი ბარამიძის კანდიდატურის დაყენება ბათუმში გადაწყვიტეს. რამდენად კარგი სასტარტო პირობები აქვს ბათუმში ბარამიძეს, ეს მეორე საკითხია, თუმცა, მთელი ადგილობრივი ხელისუფლება რომ მის დასახმარებლად იმუშავებს, ეს ცხადია.
აჭარაში იმაზეც საუბრობენ, რომ ბათუმში „ქართული ოცნების“ ხალხმრავალმა აქციამ ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ დააფიქრა აქვთ თუ არა მათ აჭარის რაიონებში გამარჯვების რეალური შანსი.
ასე, რომ ბარამიძე უახლოეს დღეებში მინისტრის თანამდებობას დატოვებს და
ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაკავდება. გამოადგება თუ არა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში მიღებული გამოცდილება ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ეს 1 ოქტომბერს გამოჩნდება.