საქართველოს პრეზედენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის ნავსადგურში 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ დღეებში, როდესაც ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ და პატივი მივაგოთ დაცემულ გმირებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზიო არხი აცხადებს, რომ რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად კანონიერად მოქმედებდა.
„მათ შეუძლიათ, რაც უნდა ის თქვან, რაც არ უნდა ამაზრზენი და საზიზღარი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც ელემენტარული ღვთისნიერება, წესიერება მაინც არ უნდა გაგაჩნდეს, რომ ეს არ ილაპარაკო იმ დღეს, როცა ყველა გაჩერებული უნდა ვიყოთ და ჩვენს დაცემულ გმირებს პატივს მივაგებდეთ. ერთია, რომ გეზიზღებოდეს შენი მთავრობა, მეორეა რომ ამართლებდე შენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაზე პარადოქსი ის არის, რომ „ომის მთავარმა დამნაშავემ ვლადიმერ პუტინმა სრულიად ნათლად თვითონ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა და ამზადებდა შეიარაღებულ რაზმებს ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული ტრერიტორიის შიგნით, რაც საერთაშორისო აგრესიის კლასიკური სამართლებრივი განმარეტებაა“.
„პუტინმა თვითონ აღიარა. ამ დროს არიან ქართველი პოლიტიკოსები და მათი საშუალებები, რუსული ფულით დაფინანსებულები, რომლებიც გაურკვევლობას და დაბნეულობას თესავენ ამ ყველაფრის გარშემო. ისინი ერთი და იგივე იდიოტურ კითხვას სვამენ, იდიოტის გარდა არავინ არ დასვამს ამ კითხვას. მინდა მივმართო, ამ ხალხს, ამ კაცს და მის მონებს - თქვენმა პატრონმა პუტინმა დღეს თქვა, რომ მან დაიწყო ეს ომი, იქნებ გადახედოთ ისტორიას და იმას მაინც ნუ ამბობთ, რასაც პუტინმა განაცხადა. ეს დამნაშავის გამოსვლას გავს, რომელიც ამბობს, - მე ჩავიდინე დანაშაული და მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდესო, მისი ადვოკატი კი ამბობს - არა, არა ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთო. ადვოკატი უხერხულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა სააკაშვილმა.