მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ყველა ევროპულ სტრუქტურაში თუ შევიდა დამპყრობელს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მოუწევს

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ყველა ევროპულ სტრუქტურაში თუ შევიდა დამპყრობელს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მოუწევს

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ფოთში  2008 წლის 8 აგვისტოს პორტის დაბომბვის შედეგად,  გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა ყვავილები ზღვაში, სიმბოლურად, იმ ადგილიდან ჩაუშვა, სადაც 4 წლის წინათ რუსული ბომბები ცვიოდა.

ქვეყნის პირველმა პირმა ქალაქის ნავსადგურში შეკრებილებილ მოსახლეობასაც მიმართა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

სააკაშვილმა ფოთის ნავსადგურში 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს დამპყრობელმა ვერც ერთ მიზანს  ვერ მიაღწია და მან ჩვენზე უკეთ იცის, რომ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი არ შერჩება.

„მე ძალიან კარგად მახსოვს 4 წლის წინანდელი ღამე. ჩვენ ყველანი თბილისში ვიყავით. მაშინ ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ რუსეთიდან ღამის დაბომბვების განსახორციელებლად 2 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა. მანამადე, ომის პირველ დღეებში, ჩამოვყარეთ რამდენიმე ბომბდამშენი და ამის შემდეგ,  რუსებმა დღის პირობებში უარი თქვეს დაბომბვებზე და ის თვითმფრინავები ააფრინეს, რომლებიც ღამის ბრძოლაზე იყვნენ გათვლილნი. ამ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის აზრით, ეს თვითმფრინავები თბილისის დასაბომბად მოდიოდნენ. ჩვენ თბილისის გარშემო საჰაერო დაცვის სისტემები გვქონდა. ერთი თვითმფრინავი მართლაც წამოვიდა თბილისში და ის ჩვენ ჩამოვაგდეთ და მე ამით ვამაყობ და ამას არ ვნანობ, მეორე ბომბდამშენმა კი ფოთამდე მოაღწია და აქ ბომბი ჩამოაგდო და შემდეგ ბათუმში წავიდა. ბოლო წუთში ბათუმის აეროპორტში და პორტში დენის გათიშვა მოვასწარით და მას ტრასა, რომელიც განათებული იყო, აეროპორტისა და პორტის ტერიტორია ეგონა და ამ ტრასაზე ჩამოაგდო ბომბი. მაშინ ჩვენ აქ 10 ადამიანი დაგვეღუპა, 2 ადამიანი კი - სენაკში და 80-მდე დაშავდა.

 მთავარი, რაც ხდებოდა ფოთში იყო ის, რომ ჩვენ მაშინ ფოთის პორტში გმირი თანამშრომლები გვყავდა, რომლებიც ღამის სმენაში გამოვიდნენ და სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფდნენ იმას, რომ საქართველოს მეურნეობას ეფუნქციონირა. მტერმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. მტრის მიზანი იყო ძალიან კონკრეტული – დაეკნინებინა საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა, ჩაეკეტა სატრანზიტო და სატრანსპორტო გზები, მათ შორის ფოთის არტერია, ფიზიკურად გაენადგურებინა საქართველოს ლიდერები, საქართველოს დემოკრატიული წყობილება შეეცვალა, საქართველოს სვლას ნატო-სა და ევროპული ინსტიტუტებისკენ შეეჩერებინა. ვერც ერთ ამ მიზანს საქართველოს დამპყრობელმა ვერ მიაღწია და მან ჩვენზე უკეთ იცის, რომ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი არ შერჩება.  თუ საქართველო წელში გაიმართა და შევიდა ყველა ევროპულ სტრუქტურაში, დამპყრობელს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მოუწევს“, - განაცხადა სააკაშვილმა.