2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 4 წელი გავიდა. ომი, რომელიც თავისი შედეგებით, საქართველოსთვის ერთ - ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა. აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავს დღეს, საქართველოში დიდ ტკივილად და ისტორიის შავ ლაქად აფასებენ. განადგურებული ათასობით სოფელი, ასეულობით დაღუპული ადამიანი და ოკუპირებული ტერიტორიები - ეს ის შედეგია, რომელიც საქართველოს ომის შედეგად, ხვდა წილად. მიუხედავად, ამა თუ იმ მხარის ბრალეულობისა და დღემდე აქტუალური კითხვისა ვინ დაიწყო ომი, ქვეყნისთვის მიყენებულ ტკივილში ყველა სოლიდარულია და წინ სევდითა და მომავლის რწმენით იყურებიან, რომ 2008 წლის 8 აგვისტომ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია დროებით შეცვალა.
საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 26 000 ადამიანი დევნილი გახდა.
რუსეთ-საქართველოს ომი 4 წლის გადასახედიდან, ჩანს თუ არა ომის შედეგებში რაიმე დინამიზმი, გააზრებულია თუ არა ამა თუ იმ მხარის ბრალეულობა, ვის შეუძლია ჟანგბადი შეიტანოს რუსულ - ქართულ ურთიერთობებში და არსებობს თუ არა რუსეთის მიერ, საქართველოში ინტერვენციის მორიგი საფრთხე from.ge ექსპერტს არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.
არჩილ გეგეშიძე: სამწუხაროდ, შედეგებში, რა შედეგიც 2008 წლის 8 აგვისტოს დადგა, არაფერი შეცვლილა. ფაქტიურად, სიტუაცია გაყინულია. ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ იქ სერიოზულ წინსვლას ადგილი არ აქვს და პრაქტიკულად, იქ მხარეებს შორის, რაიმე პოზიციების დაახლოების ნიშნები არ შეინიშნება.
ადგილზე კიდევ ვხედავთ, რომ საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ფაქტიური საზღვარი არსებობს და მიმდინარე რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობას ამ საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა გარკვეულწილად, ძალიან შეზღუდული აქვს. ამ შემთხვევაშიც, ამ დეფაქტო საზღვრის გასწვრივ, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, არანაირი ლიბერალიზაცია არ მომხდარა. ამით, იმის თქმა მსურს, რომ შედეგები, რაც საყოველთაოდ ცნობილია და 2008 წლის აგვისტოს შემდგომ რა შედეგებიც დადგა, დღესაც სამწუხაროდ, ის შედეგები გვაქვს.
-რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავზეც უფრო აქტუალური კითხვაა თუ ვინ დაიწყო ომი და არა იმ შედეგების გამოსწორებისკენ სწრაფვა, რაც ომის შედეგად ვიწვნიეთ....
-სამწუხაროდ, ამ შედეგების გამოსწორება საქართველოს ძალებს აღემატება. აქ იმდენად გადახლართულია სხვადასხვა დონის ინტერესები და ისეთ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორიც რუსეთის ფაქტორია ამ შემთხვევაში, საქართველოს ბევრი არაფერი შეუძლია. შედეგების გამოსწორებისკენ რაიმე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, დღეს არარეალისტურად ჩანს, თუმცა ეს არ გამორიცხავს დიალოგის განვითარებას აფხაზურ და ოსურ მხარესთან, თუნდაც არაფორმალურ დონეზე და შესაძლოა, ამ დიალოგისთვის ნახევრად ოფიციალურ თუ ოფიციალურ დონეზე უფრო სტრუქტურული ხასიათის მიცემას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულად რჩება, მაინც შესაძლებელია აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარესთან ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პირობების შექმნისთვის გზები მოიძებნოს. დღეს ეს არ კეთდება. არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობს. პრაქტიკულად, არანაირი ძვრა, არანაირი დინამიზმი ამ პროცესებში არ გვაქვს, მაგრამ ამ დიალოგის შესაძლო აღდგენის და გაფართოებით, შესაძლოა პატარა წინსვლას ჰქონდეს ადგილი. შესაძლოა ამან მიმდინარე რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის დეფაქტო საზღვრების გადაკვეთა გაამარტივოს და ამით მოსახლეობამ ცოტა შვება იგრძნოს. მაგრამ აღვნიშნავ, რომ გლობალურად ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარება ძალიან რთული საკითხია და მომავალში ამას არ ვვარაუდობ.
-ის რომ 2008 წლის ომის შედეგებში დინამიზმი არ ჩანს, ამაში ხელისუფლების ბრალეულობა იკვეთება , თუ ეს იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომლის მოგვარება საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს?
-ეს მასშტაბური პრობლემაა. ეს მხოლოდ აფხაზური ან ქართულ - ოსური კონფლიქტი არაა. ეს კონფლიქტი არის ქართულ- რუსული და აგრეთვე რუსულ- დასავლური. რუსეთ - დასავლეთ შორის გარკვეული უთანხმოების გამოძახილი.
რადგან ეს ასეა, რადგან ეს კონფლიქტი სამ განზომილებიანია შესაბამისად, ამ კვანძის გახსნა ძალიან რთულია. ამიტომ არის ის, რომ ჟენევაში, სადაც ჩართულია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა: გაერო, ეუთო, ევროკავშირი და აშშ ამ მხრივ, მაინც არანაირი პროგრესი არ ჩანს. ისევ და ისევ არსებული კონფლიქტის რთული ბუნებიდან გამომდინარე.
- რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ , თუ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია?
-რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მრავალდონიანი ამოცანაა. უმაღლეს დონეზე, ეს აბსოლუტურად, ნორმალიზებული, მეგობრული ურთიერთობაა და აი, ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა. დღეს, ეს პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ოკუპაციის პირობებში იმ დაძაბულობის ოდნავ მაინც შერბილება არ შეიძლებოდეს, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს. რა თქმა უნდა, ეს რუსეთთან ურთიერთობების კომპლექსურ მოგვარებას არ ნიშნავს, მაგრამ თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული სიმწვავის მოხსნამ, შესაძლოა შემდგომი გარკვეული ნაბიჯებიც გამოიწვიოს. როგორიც არის ვთქვათ, ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, კიდევ მეტად გაადვილდეს მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ამჟამად ჩარტერული რეისები დაფრინავს, შესაძლოა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები დაინიშნოს და რუსეთის ძალიან ბევრ ქალაქთან საჰაერო მიმოსვლების გეოგრაფია უფრო გაფართოვდეს, ასევე შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების მიღების საკითხი გამარტივდეს და აშ. ანუ არსებობს მანევრირების გარკვეული სივრცე, რამაც შეიძლება ოკუპაციის პირობებში, ოდნავ მაინც გამოასწოროს საქართველო - რუსეთს შორის ურთიერთობა. თუმცა აქვე, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ გლობალურად ამ პრობლემის ნორმალიზაცია ხანგრძლივი, შორეული პერსპექტივის ამოცანაა და დღეს, ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთულად მეჩვენება.
-ექსპერტების და პოლიტიკოსების მოსაზრებით, 2008 წლის 8 აგვისტოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო. როგორც ფიქრობთ, თუ გაიაზრა ხელისუფლებამ ომის დროს დაშვებული შეცდომები და ამ მხრივ, თუ შეინიშნება რაიმე ცვლილება?
-ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს და თვითონ ფაქტი, რომ არ საუბრობს, შეიძლება აიხსნას ერთის მხრივ, იმით, რომ არ აქვს გააზრებული ან მეორეს მხრივ კი, აქვს გააზრებული, მაგრამ ამის საჯაროდ თქმა არ სურს.
ფაქტია, რომ არ საუბრობს, ამიტომ არ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, 2008 წლის მწარე გაკვეთილები აქვთ თუ არა გააზრებული. რაც შეეხება, ამ ყველაფრის გამოსწორებას, საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ, პრაქტიკულად, არანაირი რესურსი არ გააჩნია, მაგრამ თუკი ხელისუფლებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, პერსონალები თუ შეიცვალნენ, მაშინ შესაძლოა ამის პირობები მომავალში გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა ამ ურთიერთობების წინსვლისთვის გარკვეულად მეტი ჟანგბადი გაჩნდეს.
-ამჟამად, ხელისუფლების ძლიერ ოპონენტად პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მოგვევლინა. როგორ მიიჩნევთ მათ ძალებს, მათ თუ შესწევთ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ძირეული ცვლილებების შეტანა?
-ვფიქრობ, რომ მათ გარკვეული პოტენციალი და პერსპექტივა აქვთ. ამას მაფიქრებინებს ცნობილი განცხადება, რომელიც აფხაზეთის დეფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილისა და ალასანიას სახით, საქართველოში ის პოლიტიკოსები ეგულება, რომლებთანაც გონივრული დიალოგის წარმოება შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მათ თავი ქუდში აქვთ, რუსეთის მიერ დაცულები არიან საქართველოს აგრესიისგან, თითქოს თავისას მიაღწიეს, მაგრამ მაინც აცხადებენ, რომ მათთვის საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება აუცილებელი პირობაა. შეიძლება ისინი ამ განცხადებით გარკვეულ სიგნალს იძლევიან იმის თაობაზე, რომ აი, ამ ტიპის პოლიტიკოსებთან გარკვეული დიალოგის დაწყება შეიძლება.
-საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ინტენსიურად დაიწყო საუბრები რუსეთ-საქართველოს ომის განახლებაზე. როგორ ფიქრობთ, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საფრთხე არსებობს?
-დღევანდელი მდგომარეობით ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ, თუ რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა. რუსეთის ინტერვენციის საფუძველი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამ განცხადებების უკან, მე უფრო მეტად ყურადღების გადატანის მცდელობებს ან ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, მეორის დისკრედიტაციის მცდელობას ვხედავ. წმინდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ანალიზის საფუძველზე, დღესდღეობით ამგვარი ინტერვენციის ალბათობა ძალიან დაბალია.