„დღევანდელ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შეწირულ გმირებს, მაგრამ სამოქალაქო მსხვერპლიც არ უნდა დაგავავიწყდეს,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ გორში, მემარჯვენეების მიერ გამართულ აქციაზე. იმ ადგილას აღმართულ ობელისკთან, სადაც აგვისტოს მოვლენების დროს ჩამოვარდნილ ბომბს მშვიდობიან მოსახლეობაში სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა.
„იმ ტრაგიკულ დღეებში აქ გადაღებულმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო შეძრა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ ფოტოებზე აღბეჭდილი გარდაცვლილი თუ დაჭრილი ადამიანების ოჯახებს დღეს იმის მტკიცება უწვთ, რომ ისინიც აგვისტოს ომის მსხვერპლს წარმოადგენენ. ამ ოჯახების დიდ ნაწილს ყოფითი თუ ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოსგან თანადგომა და დახმარება სჭირდება. მათი დიდი სურვილია, რომ ხსოვნის დღეებში ჯარისკაცებთან ერთად აქ დაღუპული ადამიანების სახელებიც იხსენიებოდეს,“–აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
მემარჯვენეების ცნობით იქაური მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს ისიც, რომ იქ ახლოს მდებარე სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების და აფეთქების ხმის გამო მოსახლეობა მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება.