პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კანდელაკის შეფასებით, პუტინის დღევანდელი განცხადება დროულია და შიდა პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტში დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
„ეს განცხადება ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ბევრის ადამიანის ლუსტრაციას იწვევს, ვინც ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ცუდი მდგომარეობა საქართველოს ბრალია. იმიტომ, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს წარმოადგენს მისი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება“, - აღნიშნა კანდელაკმა და დაამატა, რომ საქართველო-რუსეთის ცუდი ურთიერთობის მიზეზი თავად რუსეთია.
კანდელაკის თქმით, პუტინის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ამ გეგმის ნაწილი ოსური ბანდფორმირებების, არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების მომზადება და იარაღით აღჭურვა იყო.
„ეს თავისთავად არის აგრესიის ფაქტი, მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა. პუტინის განცხადებით ყველანაირ სპეკულაციას დაესვა წერტილი. ის ხალხი, ვინც საქართველოს შიგნით ამტკიცებს, რომ ამ ომის დაწყება საქართველოს უნდა დაბრალდეს, ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ყველა ლუსტრირებულია და არც ერთ ამ ადამიანს პოლიტიკურ რეალობაში საერთოდ ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა კანდელაკმა.
მისივე შეფასებით, დღეს პუტინმა განაცხადა, რომ 2006 წელს გენერალურმა შტაბმა სამხედრო გეგმა დაამტკიცა, თუმცა, მანამდე სამხედრო შემოჭრის გეგმა რომ ჰქონდა დასტურდება 2004 წლის მოვლენებით, როდესაც 58–ე არმია მობილიზებული იყო. ანუ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რაღაც კონკრეტული დოკუმენტი 2006 წელს დამტკიცდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგოდ გეგმა შემუშავებული ჰქონდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიცილების მომზადება ხდებოდა.
„ეს საიდუმლო არ არის, გეგმა იყო და მის ფარგლებში ვმოქმედებდით. ის შემუშავდა 2006-07 წლებში ჩემთან გენშატბის შეთანხმებით. გეგმის ფარგლებში, ჩვენ სამხრეთ ოსეთის მილიციელებს ვამზადებდით“ – აღნიშნა პუტინმა.