პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ პროექტ „ოკუპაციის“ ფარგლებში მომზადებული ფილმების ჩვენება საზღვარგარეთაც მოეწყობა.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მლაშხიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, უკვე მომზადებულია 17 დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია საბჭოთა კავშირის მიერ 14 ქვეყნაში განხორციელებული ოკუპაცია.
„საბჭოთა ოკუპაციაზე ფილმები 14 ქვეყანაზე მომზადდა, შესაბამისად გვინდა, რომ მათი ჩვენება შემოდგომაზე ამავე ქვეყნებში მოვაწყოთ, სადაც ასევე რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს „აგვისტოს“ვაჩვენებთ“, – აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე თქმით, ფილმების პირველი ჩვენება შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაიწყოს, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გარდა ამისა მალაშხიას თქმით, დოკუმენტური ფილმები, რომელიც ქართულ და რუსულ ენოვანი იყო, ინგლისურ ენაზე ითარგმნა და მისი გავრცელება ინტერნეტის საშუალებით მოხდება.
დღეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დოკუმკენტური ფილმი „აგვისტოს“ ინგლისურენოვანი ვერსიის ჩვენებაც მოეწყო.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.