პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წევრებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, ღმერთმა გვაშოროს ის უბედურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას.
„მოვედით, რათა ომში დაღუპულებს, რომლებმაც სამშობლოსთვის დადეს თავი, პატივი მივაგოთ, გვინდა, რომ მათი სულების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ. ღმერთმა გვაშოროს ის უბედურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.