„დემოკრატიული მოძრაობა“: 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიამ კიდევ უფრო ჩატეხა ხიდი, რომელიც ქართველებს, აფხაზ და ოს ძმებთან აერთიანებდა

„დემოკრატიული მოძრაობა“: 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიამ კიდევ უფრო ჩატეხა ხიდი, რომელიც ქართველებს, აფხაზ და ოს ძმებთან აერთიანებდა

 „დემოკრატიული მოძრაობა“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  და აგვისტოს ომს ხელისუფლების უპასუხისმგებლობად აფასებს.

განცხადების თანახმად, აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა, სწორად გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყნისათვის ავბედით ჟამს მიეღო სწორი გადაწყვეტილება და დღეს არ მდგარიყო უცხო ქვეყნის ტანკები დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრში.

„2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიამ კიდევ უფრო ჩატეხა ხიდი, რომელიც ქართველებს, აფხაზ და ოს ძმებთან აერთიანებდა, კიდევ უფრო გააღრმავა ტკივილი და წყენა, კიდევ უფრო დაგვაშორა აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისა და ქვეყნის ერთობლივად შენების პერსპექტივას.

აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩვენ დაღუპულ ქართველ, ოს და აფხაზ თანამემამულეებს ერთად დავიტირებთ და ღირსეულ პატივს მივაგებთ. ჩვენ ჩვენი ერთად ყოფნით აღარასოდეს დავუშვებთ ამგვარი ტრაგედიის განმეორებას.

ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ჩვენში ძალა, დავძლიოთ გაუცხოება, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტკივილი. მხოლოდ ეს შეიძლება დაედოს საფუძვლად ჩვენს მომავალ ღირსეულ თანაცხოვრებას, მხოლოდ ასე მოვახერხებთ გავაძლიეროთ ჩვენი ხალხები და ერთობლივად ვაშენოთ ჭეშმარიტად ღირსეული და ერთიანი სახელმწიფო“, - ნატქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.