წყნეთში მცხოვრებ დევნილებს ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეს ახალი გადასახადი მათ იმის გამო უწესდებათ, რომ დევნილებს შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მიაკითხა და ახალი „სიურპრიზი“ შესთავაზა. ანუ კომპანიამ დევნილების ბინებში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყო.
გამრიცხველიანების პროცესის პარალელურად კი მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის თანახმადაც, დევნილებს ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 4, 17 ლარის გადახდა მოუწევთ. ეს კი ბევრი ოჯახის შემოსავალზე იმოქმედებს, რადგან დევნილმა 4, 17 ლართან ერთად ყოველთვიურად მოხმარებული წყლის გადასახადიც უნდა გადაიხადოს. ამას ემატება სხვა კომუნალური გადასახადები(დენზე მიბმული ნაგავი და გაზი) რაც გაჭირვებული ოჯახებისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა” და დევნილ ოჯახებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ წყლის მრიცხველის თვითღირებულება 30 ლარს შეადგენს, ხოლო აღრიცხვის კვანძის მონტაჟის ღირებულება 70 ლარია, რასაც დევნილები 2 წლის განმავლობაში დაფარავენ.
როგორც დევნილებმა from.ge–ს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა მათ მრიცხველების დამონტაჟების ნებართვის დამადასტურებლად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი წარუდგინეს, სადაც აღნიშნულია, რომ შეუძლიათ დაკანონებულ ფართებში მცხოვრები დევნილები აბონენტებად აიყვანონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყნეთში მცხოვრებ დევნილებს წყლის გადასახადის გადახდა მოხმარებული წყლის მიხედვით მოუწევთ. არადა, აქამდე წყალი გრაფიკით, მაგრამ უფასოდ მიეწოდებოდათ.
გამრიცხველიანების შემდეგ, დევნილებს წყალი ისევ გრაფიკით – ყოველ მეორე დღეს, რამდენიმე საათით ექნებათ, თუმცა, ახლა მოხმარებულ წყალს მათ აღურიცხავენ.
დევნილების ჯიბეს ისიც ურტყამს, რომ მათ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდგომ ელექტროენერგიაზე შეღავათებიც მოეხსნათ.