ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ოთხი ექსპონატი მეთორმეტე საუკუნის წყაროსთავის ოთხთავი, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ბექა აღბუღას სამართლის წიგნი და კიდევ ერთი ექსპონატი გაიტანეს, რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, წყაროსთავის ოთხთავი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ინფორმაციას რესტავრატორებიც გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ მისი ტრანსპორტირება დაუშვებელია.
From.ge -სთან საუბარში რესტავრატორი ლია სიხარულიძე აცხადებს, რომ წყაროსთავის ოთხთავი დაშლილია.
„ამ ხელნაწერზე მე ვმუშაობდი, ვაკეთებდი რესტავრაციას. დავშალე. მაქვს ფოტოები გადაღებული დაშლილ მდგომარეობაში. მოკლედ, მუშაობის პროცესში იყო. ის უმძიმეს მდგომარეობაშია მისი ტრანსპორტირება კი არა, მნახველებისთვის ნახვაც კი, არ შეიძლებოდა“,- განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, 2008 წელს ამ ხელნაწერის გატანა ინგლისში სურდათ.
„ყალბად გასცეს ინფორმაცია, რომ ხელნაწერი კარგ მდგომარეობაშიაო. 2008 წელს დაიწყო მიწერ-მოწერა და ინგლისში წყაროსთავის ოთხთავთან ერთად, კიდევ ორი ხელნაწერი გადიოდა, თუმცა მაშინ გადაარჩინეს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
From.ge - ს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ექსპონატების გატანის შესახებ ინფორმაცია იმავე წყარომ მიაწოდა, რომელმაც გუშინ მუზეუმიდან აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების გატანის შესახებ გვამცნო.
უახლოეს საათებში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რა ექსპონატები გაიტანეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ვისი ნებართვის საფუძველზე და აქვს თუ არა ეს ინფორმაცია საპატრიარქოს.