გამოცემა The Huffington Post- ში საკუთარ ანალიტიკურ სტატიას კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი სათაურით, „ვინ აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს საქართველოში“ აქვეყნებს. სტატიის ქართულ ქართულ თარგმანს Foreignpress-ი აქვეყნებს.
„ოთხი წლის წინ საქართველოს და რუსეთს ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ომი ჰქონდათ. ერთი კვირაც კი არ იყო გასული ომის დაწყებიდან, როდესაც საქართველო დამარცხდა, ხოლო რუსეთმა განამტკიცა კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ტერიტორიებზე, რომელთაც სახელმწიფოთა უმეტესობა, მათ შორის აშშ-ც, საქართველოს კანონიერ ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მიუხედავად იმისა, რომ ომი სულ ერთ კვირას გაგრძელდა, მას დღესაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის, ასევე ამერიკულ-ქართული ურთიერთობებისთვის. დღეს საქართველო საარჩევნო პერიოდს უახლოვდება – 2012 წელს საპარლამენტო, ხოლო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ არჩევნებს ექნება უზარმაზარი მნიშვნელობა არა მხოლოდ ამ ქვეყნის მომავლისათვის, არამედ ისინი მრავალი წლით განსაზღვრავენ აშშ-ს როლს და პოზიციას რეგიონში. ეს არჩევნები, არსებითად, 2008 წლის ქართულ-რუსული ომის ჩრდილქვეშ ტარდება.
ომის შემდგომ წლებში საქართველოს მთავრობამ დაკარგა თავისი წარსული იდენტობა. ამ წარსული იდენტობის თანახმად, საქართველოს სათავეში ედგნენ თვალნათელი დემოკრატები, რომლებიც ცდილობდნენ აეშენებინათ ევროპული ტიპის დემოკრატია იმ სივრცის შუაგულში, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. ახლა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კიდევ ერთი ნახევრად ავტორიტარული რეჟიმია, ისეთი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შერჩევითად აღსრულებულსა და შექმნილ კანონებზე, რეპრესირებულ მედიაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და დაშინებაზეა დამოკიდებული.
ასეთი მიდგომები აქამდე კარგად მუშაობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ), საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ასე იყო 2008-2010 წლის არჩევნებში, მაგრამ წელს განსხვავებული ვითარებაა. პირველად ენმ-ს მთავარ ოპონენტს გააჩნია იმის რესურსი, რომ საპასუხო შეტევაზე გადავიდეს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გამო ხდება, უმდიდრესი ქართველი კაცის გამო, რომელზეც ამას წინათ „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ასეთი სტატია გამოაქვეყნა: „ფილანტროპობიდან საჯარო საფრთხემდე საქართველოში“. ივანიშვილმა შექმნა კოალიცია და მასში გააერთიანა წამყვანი ქართველი დიპლომატები, „ვარდების“ ყოფილი რევოლუციონერები, რომლებმაც სააკაშვილთან იმიტომ გაწყვიტეს კავშირი, რომ ის დემოკრატიას ჩამოშორდა, და კიდევ სხვებიც.
საქართველოს მთავრობა დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ს მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა გულისხმობდა უხვ უცხოურ ფულად დახმარებასა და სესხებს და კიდევ ნებას იმისას, რომ არ შეემჩნიათ ბევრი ნაკლოვანება, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რეჟიმისთვის, რადგან აშშ-ს ძლიერი ზეწოლა, რომელსაც შემდეგ შესაბამისი შედეგები მოყვებოდა, ძალიან გაურთულებდა ენმ-ს კანონის დარღვევასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც, მათი რწმენით, აუცილებელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება.
საქართველოს ლიდერებმა უკვე იციან, რომ დასავლეთი ინფორმირებულია დემოკრატიის დეფიციტზე საქართველოში, ამიტომ მათ შეცვალეს სტრატეგია. ახლა ისინი ნაკლებად ცდილობენ დასავლეთს თავი დემოკრატებად მოაჩვენონ და საკუთარ რეპუტაციას უფრო იმაზე აგებენ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ აღმართულ ბასტიონს წარმოადგენენ. ამ მიდგომის ფარგლებში ხორციელდება ის ძალისხმევაც, რომელიც მილიარდერ ივანიშვილს იმის გამო, რომ მან ფული რუსეთში იშოვა, რუსეთის მარიონეტად წარმოჩენას ცდილობს. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მთავრობიდან არავინ ღელავდა ივანიშვილის ქონების წარმომავლობაზე და არავინ ეჭვობდა საქართველოსადმი მის ერთგულებაზე მაშინ, როდესაც ის თავის ფულს ქართველი ჯარისკაცების ჩექმებისა და აღჭურვილობის შესაძენად, საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ან ქვეყნის ხაზინის შევსებისთვისა და ბიუჯეტის დასახმარებლად ნებაყოფლობით ხარჯავდა. პარადოქსულია, რომ მთავრობამ, რომელმაც ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშისა და ანალიტიკოსთა უმეტესობის აზრით, დაუშვა საკუთარი თავის პროვოცირება და ასეთ დამანგრეველ ომში ჩათრევა, ახლა ვინმე სხვას ბრალს სდებს რუსეთის გავლენის განმტკიცების ხელშეწყობაში.
მაგრამ, ზედაპირზე, სააკაშვილის რეპუტაცია, როგორც ძლიერი ანტი-რუსული ძალისა, ძალიან მტკიცეა. სააკაშვილი მუდმივად აცხადებს, რომ მას საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს; საქართველოს მთავრობის რიტორიკა მუდმივად ძალიან ანტი-რუსული და პრო-დასავლურია; მთავრობამ, საკმაოდ წარმატებით, წამოიწყო დიპლომატიური კამპანია, რათა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მაც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, რომლებიც 2008 წელს მან რუსეთის სასარგებლოდ დაკარგა, „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენიონ და ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ დაგმოს რუსეთის ქმედებანი. უფრო მეტიც, ამ რიტორიკის დიდი ნაწილი სავსებით სწორია. რუსეთი მართლაც წარმოადგენს საქართველოსთვის სერიოზულ, დიდ საფრთხეს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამჟამად დე ფაქტო რუსეთის კოლონიებია. რუსეთის ამბიციები ყოფილ საბჭოთა კავშირში მართლა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.
შესაბამისად, სააკაშვილის რიტორიკა, ნამდვილად ანტი-რუსულია, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობის მიმართებას რუსეთთან უფრო შედეგებით შევაფასებთ, ვიდრე მხოლოდ რიტორიკით, ზედაპირზე სრულიად განსხვავებული ისტორია ამოტივტივდება. მიუხედავად მათი განზრახვებისა, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიღო ისეთი შედეგები, რომელიც აშკარად შედის რუსეთის ინტერსებში. სააკაშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებაში 8 წელიწადზე მეტია არიან და რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი წაიღო, ვითარება, რომელიც თვალსაწიერ მომავალში არ შეიცვლება და რამაც საქართველოს ლტოლვა ნატოსა და ევროკავშირისკენ თითქმის აუხდენელ ოცნებად აქცია. გამოიარა რა ძალიან რთული ეკონომიკური პერიოდები, ახლა ქვეყანა უმუშევრობამ, ინფლაციამ და ვალების პრობლემამ მოიცვა და ეს ვითარება მომავალ რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო სერიოზული გახდება.
საქართველოს მთავრობა რუსეთისადმი შიშს ბასრ პოლიტიკურ იარაღად იყენებს, თითქმის ყველა შინაურ ოპონენტს, ისევე როგორც უცხოელ კრიტიკოსს, რუსეთის ჯაშუშობაში, მარიონეტობაში და სხვა ამგვარში სდებს ბრალს. პრო-დასავლელ პოლიტიკოსებსაც კი, ისეთებს, რომელთაც ძლიერი კავშირები აქვთ აშშ-სთან და ევროპასთან, ამგვარად ესხმის თავს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც რუსულ შეთქმულებაზე ლაპარაკი ჩვეული რამაა, მაგრამ საინტერესოა, როგორი შეიძლება ყოფილიყო რუსული შეთქმულება საქართველოში.
წარმოიდგინეთ 2003 წლის ბოლოს, რუსეთის მთავრობას იმის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გამოეგზავნა ვინმე, ვინც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა და ამავე დროს, ფარულად რუსეთის ინტერესებს განახორციელებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა, მაგარამ რომ მომხდარიყო, პატრონები კრემლიდან პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის სასარგებლოდ დაკარგვას დაავალებდნენ, რათა ზუსტად სცოდნოდათ, რომ საქართველო ვერ შევა ნატოში, საქართველოს ეკონომიკა სუსტი იქნებოდა, ხოლო ქვეყანაში პოლარიზაციას შენარჩუნდებოდა. ამ პრეზიდენტს იმასაც მოსთხოვდნენ, რომ რეგიონში ამერიკისადმი ნდობა შეესუსტებინა, ხოლო აშშ-ს რაც შეიძლება ბევრი ფული დაეხარჯა საქართველოში. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ არის საიდუმლო რუსული გეგმის მონაწილე, მაგრამ ყველაფერი ეს საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა.
სხვა დროს, როდესაც სააკაშვილი დასავლეთს განუცხადებს, რომ რუსეთი მისი მოსისხლე მტერია, გონივრული იქნებოდა დასავლელ პოლიტიკოსებს ეკითხათ – თუ რუსეთს სააკაშვილის მსგავსი მტრები ჰყავს, მაშინ რაღაში სჭირდება მას მეგობრები? მაგრამ თუ უფრო სერიოზულად ვილაპარაკებთ, აშშ არ უნდა დასჯერდეს მარტოოდენ ქართული მთავრობის ანტი-რუსულ რიტორიკას და სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, თუ რა მოიგო რუსეთმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და იმაზე, რას მოიგებს აშშ საქართველოსადმი, მმართველი რეჟიმისადმი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისადმი განსხვავებული მიდგომის შემთხვევაში“, - ნათქვამია სტატიაში.