კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს ომი რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზაცია იყო და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ავანტიურისტულმა და ვოლინტარისტულმა პოლიტიკამ რუსეთს საკუთარი ამბიციების რეალიზებაში ხელი შეუწყო.
ზაქარეიშვილის თქმით, 2008 წლის ომის შედეგად, რუსეთმა ეფექტურად მოახერხა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ნატოს შემოსვლა რეგიონში დიდი ხნით გადაეწია და აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად, რუსეთმა პოზიციები გაიმყარა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთის პროექტის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე ხელი შეუწყო. თუ ვინმეს სურდა ომი, ეს რუსეთი იყო, ეს ომი საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა, მაგრამ რუსეთმა ეფექტურად მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დაჯერება, რომ ომი არ აინტერესებდა და ცხინვალს უთმობდა, ასევე მათ ეს ეფექტურად დააჯერეს აშშ-ს ადმინისტრაციას. სააკაშვილი რუსეთის მხრიდან, პროვოკაციას წამოეგო. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა სააკაშვილი ცხინვალში შეეტყუებინა შემდეგ, ხაფანგში მოგვიმწყვდია და სამაგალითოდ გაგვისწორდა. ამით მიაღწია თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ იმედია დროებით. რუსეთმა ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა, ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება მოახდინა და მათთან უკანონოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგება განახორციელა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.