საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, კრემლის მიზანი 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სრული დამორჩილება, თბილისის აღება და ჩვენი კურსის 180 გრადუსით შემობრუნება იყო.
„ისევე, როგორც 1921 წელს, კრემლში აშკარად ელოდნენ საზეიმო შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ თბილისის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ახლა პოლიტიკოსებს შორის არის კამათი, საქართველომ მოიგო, თუ წააგო ომი. სანამ ჩვენ მიწაზე ოკუპანტები დგანან, როგორ მოგვიბრუნდება ენა, რომ ჩვენ ეს ომი მოვიგეთ?! მაგრამ მოდი, დავსვათ კითხვა: რა მოიგო აგრესორმა და გადავხედოთ მე-20 საუკუნის ისტორიას. მე-20 საუკუნეში რუსეთი იმავე მიზნებით შეიჭრა რამდენიმე სახელმწიფოში: 30-იანი წლების ბოლოს ბალტიის 3 ქვეყანაში, ფაქტობრივად უბრძოლველად მოახდინა მათი ანექსია. საქართველო რუსეთმა ვერ აიღო. 1956 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ რამდენიმე დღეში დაამთავრა უნგრეთის დამოუკიდებლობა, უნგრეთი საქართველოზე დიდი ქვეყანა იყო, მაგრამ მისი აღება შეძლო. 1968 წელს საბჭოთა კავშირის არმია ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა და დაასრულა „პრაღის გაზაფხული“. ისიც საქართველოზე დიდი იყო და მთლიანად აიღო რუსეთმა. 1979 წელს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში, 1 საათში მოკლა ავღანეთის პრეზიდენტი და მრავალი წლის განმავლობაში მისი ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს მხოლოდ ერთი ნაწილია ოკუპირებული. საქართველო აგრძელებს განვითარებას. თითოეული კვადრატული მეტრი ჩვენი სოფლების მეტრი, თითოეული ქვა, რომელიც მათ ფეხქვეშ გათელეს, ჩვენთვის არის წმინდათა წმინდა, მაგრამ რა თქმა უნდა, დამპყრობელი არ შემოსულა ჩვენი რამდენიმე სოფლის ასაღებად. მას სამი სტრატეგიული ამოცანა ჰქონდა: პირველი, საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს დემოკრატიულობის დამთავრება, ლიდერების ფიზიკური განადგურება და მათ ეს ვერ განახორციელეს“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ჰყავს იგივე მთავრობა და ე.ი. რუსეთი არ არის გამარჯვებული“.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მეორე ამოცანა საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის წაშლა, ენერგორესურსების დიდ გამტარი ცენტრის ფუნქციის გადაკეტვა და შუა აზიის, კასპიის რესურსებზე სრული კონტროლის დამყარება იყო.
„რუსეთმა ეს ვერ მოახერხა, ე.ი. რუსი ოკუპანტი არ არის გამარჯვებული. მესამე ამოცანა იყო ნატო-ს გაფართოების შეჩერება და ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების შეჩერება. მათი ამოცანა ჩვენი ევროინტეგრაციის შეჩერება იყო. არათუ ეს ვერ შეაჩერეს, ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გამოცხადებასთან. ნატო-ს სამიტზე კი გამოცხადდა, რომ შემდეგი სამიტი გაფართოების იქნება და საქართველო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. ე.ი. რუსეთი არ არის გამარჯვებული. 2008 წელს საქართველოს მთავრობას ერთადერთი გზა დაგვიტოვა ოკუპანტმა გახსნილი - ეს იყო გზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ და გზა აღმოსავლეთისკენ, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით და მიგვანიშნებდნენ, ისევე მოვქცეულიყავით, როგორც 1921 წლის მთავრობა მოიქცა. ჩვენ ავირჩიეთ წინააღმდეგობის გაწევის გზა ჩვენს ჯარისკაცებთან, საერთაშორისო მეგობრებთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგომას არ შეუშინდნენ. ეი. რუსეთი არაა გამარჯვებული და ის ვერასდროს იქნება გამარჯვებული საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.