საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს. გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავდადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის მიერ დატოვებული უამრავი მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.
პრეზიდენტის განცხადებით, ის იმყოფებოდა დნმ-ით ამოცნობილი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დასაფლავებაზე, რომლის ოჯახის წევრებიც გორის სამხედრო აკადემიაში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ესწრებოდნენ. სააკაშვილის თქმით, გელა თიგიშვილი იბრძოდა აფხაზეთშიც და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში. პრეზიდენტის განცხადებით, ორი დღის წინ, ის ასევე იმყოფებოდა ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში, სადაც ასევე დნმ-ით ამოცნობილი ქართველი სნაიპერის ზურაბ ტურაშვილის გადასვენებას დაესწრო.
„ზურაბ ტურაშვილი არ დაემორჩილა ბრძანებას ცხინვალიდან გამოსვლის შესახებ და ბოლო ტყვიამდე იცავდა ქართულ მიწას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს გელა თიგიშვილის გადმოსვენებას ზურაბ ტურაშვილის მამა და დაც დაესწრნენ და გვერდით დაუდგნენ დაღუპულის მშობლებს.
„ეს იმ სოლიდარობის გაგრძელებაა, რომლისთვისაც დაიღუპნენ ეს პატრიოტები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი პატრიოტების მკვლელების ოცნებაა დააჩოქონ საქართველო, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ.
მიხეილ სააკაშვილი დევნილების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არც ერთ დევნილს განსაცდელში არ დატოვებს.
„მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის ტკივილია, მათი ბრაზით ყველა ჩვენგანია გაბრაზებული და ეს იქნება ასე, სანამ საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად ქცეული თითოეული ჩვენი მოქალაქე არ დაიბრუნებს თავის კარმიდამოს, თავის ღირსებას და საკუთრებას“, - განაცხადა სააკაშვილმა.