კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 552 ლარია გამოყოფილი. პროექტს შპს „ბიზნესენერგია“ ახორციელებს და სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
,,ქუჩების განათების პროცესი მუნიციპალიტეტში სამი წლის წინ – ქალაქ კასპიდან დაიწყო. სამუშაოებმა ქალაქიდან სოფელშიც გადაინაცვლა. ამჟამად, გარეგანათების სისტემის მოწყობა სოფელ კავთისხევის ტერიტორიულ ორგანოში ხორციელდება, რომელშიც 8 სოფელი შუაუბანი, ციხისუბანი, თვალადი, ეზატი, გუდალეთი, ქვემო ხანდაკი, ქვემო ჩოჩეთი და მირიანი შედის. ჩვენი მიზანია მოსახლეობას ღამით გადაადგილების უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა.