გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა, უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედებაა.
„ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა მზია ამაღლობელმა დანაშაული და მერე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამასაც აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი. ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახა, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედება, ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის სწორედ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, რადგან ყველამ იცის, რომ როგორც კი დასუსტდება პოლიცია, სახელმწიფო მოშლილია.
„ამიტომ აკეთებდა გახარია იმას, რასაც აკეთებდა დავალებით. აიყვანა პანკისში პოლიციელები და გაალახინა პრაქტიკულად ადგილობრივ მოსახლეობას. ქვებს ესროდნენ და მოუწიათ უკან წამოსვლა. ეს იყო კონკრეტული დავალების შედეგი, რომელიც მაშინ შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. იგივე ბასიანის შემთხვევა, გახსოვთ, როდესაც პოლიციელების მაგივრად ბოდიში მოიხადა მაშინდელმა მინისტრმა გახარიამ. ვინ ეკითხებოდა მას პოლიციელების მაგივრად ბოდიშის მოხდას და ა.შ. 20 ივნისს რაც გააკეთა, პირდაპირი მიზანი იყო პოლიციის დისკრედიტაცია, როდესაც საქმე მიიყვანა რეზინის ტყვიების სროლამდე და ამან მძიმე შედეგი დააყენა. ეს ყველაფერი არის ერთი ხაზით მართული - პოლიცია უნდა იყოს დაკნინებული. ამის უფლებას ვერავის მივცემთ. შესაბამისად, ჯერ პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, იყო თუ არა პირველ რიგში, ამორალური ქმედება ჩადენილი, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღძრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაველოდოთ სასჯელს, ვინ ეკითხება მათ კვალიფიკაციის განხილვას. ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა. უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.