კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას შტაბის იურიდიულმა სამსახურმა 3 აგვისტოს ქ.ფოთში, დ.აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქ.ფოთის პოლიციასა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
საჩივარი ეხება 3 აგვისტოს ქ.ფოთში, დ.აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ნაჭყებიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტ გოგონებს, რომლებიც 6 აგვისტოს დაგეგმილ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში მოსაწვევებს არიგებდნენ.
ახალგაზრდების განმარტებით, 15 წუთის შემდგომ მათ აედევნა “ტოიოტას” მარკის შავი ფერის მანქანა სახელმწიფო ნომრით GJG--251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლები ამოცნობილნი არიან.
“ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და ამ ინციდენტში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.
იურიდიული სამსახურის უფროსის ლილი გელაშვილის განმარტებით, ირაკლი ნაჭყებია ახდენდა დანაშაულის პროვოკაციას, მისი ქმედება იყო გამომწვევი დანაშაულის ჩადენისა მეორე მხრიდან, რადგან უმიზეზოდ მიაყენა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა და დახეული გაზეთები მიაყარა მათ.
_ აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად იგივე ხასიათის სიმძიმეს ატარებს და დასჯადია. ამავდროულად სახეზეა შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მათი მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტები, რომელსაც ჩვენ ვასაჩივრებთ და ვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას, ცალსახად პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული და პროვოკაციულ ნიშნებს ატარებს. შემდგომში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება სს კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების თანახმად, _ განაცხადა კოალიცია “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარ კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლილი გელაშვილმა.
ქ. ფოთის პოლიციის და პროკურატურის პარალელურად საჩივარი გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას.