დარჩიაშვილი:  ივანიშვილი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის შემქნელია

დარჩიაშვილი: ივანიშვილი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის შემქნელია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის შემქმნელია. იგი აცხადებს, რომ  სახელმწიფო აბსოლიტურად მართალია ამ ადამიანის მიმართ. From.ge დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.

-ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციო უფლების დარღვევის გამო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მსოფლიო ბანკთან არსებულ დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დავას იწყებს და შესაძლოა სახელმწიფოს სოლიდური თანხა დაეკისროს. რას იტყვით ამ საკითხზე?

-ყველაფერი გაირჩევა, ვალდებული არა ვარ, რომ ასეთ დეტალებზე ვისაუბრო, თუ მკითხავთ ევროკავშირთან ურთიერთობებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას ვალდებული ვარ გიპასუხოთ. ასეულ მილიონ ლარს რაღაც აკლია,ზუსტად სად შევიდა და სად გამოვიდა სარჩელი, ამაზე მე არა ვარ პასუხისმგებელი რომ გიპასუხოთ.

-საუბარია იმაზე, რომ მთავრობას დაევალება ამ თანხის გადახდა?

 -სახელმწიფო აბსოლუტურად მართალია ამ ადამიანის მიმართ, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი ფენომენი.

-ივანიშვილია ანტისახელმწიფოებრივი ფენომენი?

კი, მე ასე მიმაჩნია, რომ ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის შემქნელია. ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. შესაბამისად, მის მიმართ გატარებული ღონისძიებები გამართლებულად მიმაჩნია. თუ რაიმე პროცედურული დარღვევაა, ასეთი დარღვევების საკითხი გაირჩევა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

-მთლიანად ივანიშვილის გუნდი მიგაჩნიათ  ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გუნდად?

-ყველა ადამიანის პიროვნულ დახასიათებას ნამდვილად ვერ შევძლებ, მაგრამ მთლიანობაში ეს ძალა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რომ არის მიმართული ამაში ეჭვი არ მეპარება.

-რაში გამოიხატება ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება?

-იმაში გამოიხატება, რომ ამ ადამიანს სჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ისე შეიძლება, რომ ოკუპაციის, ოკუპანტების თემა არ დაიცვას. მას სჯერა, რომ აშშ-სთან და რუსეთთან ურთიერთობა ერთ სიბრტყეზე შეიძლება დაიცვას. შესაბამისად,  სჯერა, რომ ეს ორი ძალა თანაბარღირებულია. ეს უკვე არის ჩვენი ქვეყნისთვის საშიში.

-ხელისუფლებაც ხომ ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს?

-უნდა დალაგდეს, მაგრამ პრინციპების საფუძველზე, დეტალებს აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად იმ ფარგლებში, რომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ნატოში და ევროკავშირში. ივანიშვილმა როდესაც ნახა კვლევის შედეგები, რომელსაც მაინც და მაინც პატივს არ სცემს და ევროკავშირიდან, აშშ-დან გაჩნდა კითხვები რა ორიენტაციის არის, ცალყბად დაიწყო ლაპარაკი, რომ ნატო და ევროკავშირი აინტერესებს. ასე ცალყბად ედუარდ შევარდნაზეც ლაპარაკობდა.

-პირველივე განცხადებაში ლაპარაკობდა ამას ივანიშვილი?

-მე მჯერა რომ ამაზე არ ლაპარაკობდა. მე რაც მჯერა იმას გეუბნებით. ჩემთვის ცალსახაა, რომ ეს კაცი არ არის პროდასავლური ძალა. საშინაო პოლიტიკაში, ის ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რომელზეც ან წარმოდგენა არა აქვს, ან უბრალოდ გვატყუებს.

-მაგალითად რას?

-რომ უფასო იქნება  ჯანდაცვა, განათლება, კრედიტები გადაიდება.

-საპარლამენტო არჩევნებში როგორ შეაფასებთ ივანიშვილის გუნდის შანსებს?

20%-მა შეიძლება მოიმატოს, სხვადასხვა კვლევებით ზოგჯერ 20%-ია, ზოგჯერ 25%. რამდენადაც ამ პროცენტში შედიან ადამიანები, ვისაც რეფორმები სძულს, იმიტომ რომ ძალიან მოსწონს შევარდნაძის და საბჭოთა პერიოდის საქართველო. ის ეთნოგრაფიული ოაზისი, სადაც  პრივილეგირებული ახალი არისტროკატია იყო, სადაც წითელზეც გაივლიდი და კაცსაც ისე მოკლავდი, ვითომ, არაფერი. არიან კიდევ დაბნეული ადამიანები, ეს ხალხი მას ხმას მისცემს.

-ესე იგი, ეს 20% მისცემს მარტო ხმას?

-ვნახოთ სექტემბრის ბოლოსთვის რა ციფრები იქნება: 20% იქნება, 18% თუ 28%.