დუშეთის რაიონის სოფელ შატილში დღეს „შატილობას“ ზეიმობენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.
კერძოდ ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის საუკეთესო მხედრების მონაწილეობით დოღი გაიმართება, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეჯიბრი ჩატარდება. საღამოს კი, შატილში ფოლკლორული კონცერტი გაიმართება.
დღეს ხალხს 10-მდე ღია რესტორანი მოემსახურება. შატილის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ხევსურული ხინკალი დააგემოვნონ და ტრადიციულ ხევსურულ ლუდს გემო გაუსინჯონ.
ამასთან, სტუმრებმა ხევსურეთის ადათიც უნდა გაითვალისწინონ და პატივი სცენ ტრადიციას, რომლის თანახმადაც, უცხოებს ადგილობრივ სალოცავებში შესვლა ეკრძალებათ.
დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე ტურისტული სააგენტოები შატილში ჩასვლის მსურველებს აფრთხილებდნენ, რომ „შატილობას“ სავარაუდოდ ყველა საოჯახო ტიპის სასტუმრო დაკავებული იქნებოდა, ამიტომ კარგი იქნება თუ თავშესაფრის გარეშე დარჩენილები თან საძილე ტომრებს და კარავებს იქონიებდნენ.