სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დირექტორი და დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის არასამართლებრივად გაცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სამხარაძემ დღეს for.ge -ს პრესკლუბში ისაუბრა.
სამხარაძის განცხადებით, რადიო „ჰერეთის“ მაუწყებლობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ კახეთში ვრცელდება და აღნიშნა, რომ ექვსი წელია რადიო „ჰერეთი“ თბილისის ბაზარზე შემოსვლას ცდილობს.
„იქიდან გამომდინარე, რომ რადიო „ჰერეთს“ აქვს დიდი რესურსი შემოვიდეს თბილისის ბაზარზე, ლიცენზიის მოსაპოვებლად არაერთხელ მივმართეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი მოსაზრებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც „მედია ჰაუს დეკომს“ მისცა სამაუწყებლო ლიზენცია. რის საფუძველზეც სასამართლოს მივმართეთ. სასამართლო პროცესი დღემდე გრძლედება. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ გამოაცხადა, რასაც დღემდე ვაპროტესტებთ.
პროცესი 7 თვეა გრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოპასუხე მხარემ სარეგისტრაციო მონაცემები ვერ წარმოადგინა და დღემდე გაურკვეველია ეს კომპანია რეგისტრირებულია თუ არა ოფშორულ ზონაში“, - განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ „საქართველოს მაუწყებლობის კანონის“ 37 მუხლის თანახმად, ლიცენზიას არ შეიძლება ფლობდეს ისეთი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კავშირშია ოფშორთან.
სამხარაძე განმარტავს, რომ მათი ადვოკატის დაინტერესების მთავრი თემაც ეს იყო, ვინაიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არ დაინტერესდა იყო თუ არა ეს კომპანია ოფშორში რეგისტრირებული.
„ჩვენ გამოვითხოვეთ საბუთები გერმანიიდან, რომლის მიხედვითაც, საერთოდ ვერ დადგინდა თუ სადაა ეს კომპანია დარეგისტრირებული“, - აღნიშნავს სამხარაძე.
მისივე თქმით,აუცილებელია სასამართლომ შემდეგი გარემოებები გაითვალისწინოს.
„შპს „მედია ჰაუს დეკომის“ სარჩელს საეროდ არ აქვს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც ამ კომპანიის მხრიდან, იურიდიული დარღვევაა და ეს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს. დღეს სასამართლოზე სამწუხაროდ, ეთიკის ქარტიის მდივანი დავით კლდიაშვილი, რომელსაც ასევე იურიდიული კომპანია აქვს „მედია ჰაუს დეკომის“ ინტერესებს იცავდა და ბუნებრივია, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცოტა უხერხულია, როცა ეთიკის ქარტიის წევრი რომელიმე მედია კომპანიას სასამართლოზე იცავს“,-განაცხადა სამხარაძემ და აღნიშნა, რომ შემდგომი მთავარი სხდომა 10 აგვისტოს დაინიშნა, სადაც გადაწყდება გააუქმებს თუ არა სასამართლო იმ გადაწყვეტილებს, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 30 სექტემბერს გამოაცხადა.