„ფუჭი და მცდარი რიტორიკის ექოები“

„ფუჭი და მცდარი რიტორიკის ექოები“

 

„ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც არ დაადასტურეს ინფორმაცია ქალაქის მცხოვრებელების მასობრივი მიგრაციის შესახებ.

შესაძლებელია თუ არა მსგავსებების მოძბნა და ანალოგიების დანახვა ოთხი წლის წინანდელ და წლევანდელ აგვისტოსა და ივლისის ბოლოსთან? ეს კითხვა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ძალას იკრებს საუბრები ომის განახლების საფრთხის შესახებ. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და რამდენად არსებობს მსგავსებები 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით ოლიმპიურ თამაშებს. სხვათა შორის, იმ ადამიანების რიტორიკაში, ვინც ომის დიდი ალბათობით წამოწყების საფრთხეს ხედავს, ოლიმპიური თამაშების არსებობაც ერთგვარ არგუმენტად გამოიყენება.

თუმცა ძირითადი დასაყრდენი მაინც გახლავთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალიდან ქალები და ბავშვები გაჰყავთ, როგორც ეს 2008 წლის ივლისში ხდებოდა. „ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც არ დაადასტურეს ინფორმაცია ქალაქის მცხოვრებელების მასობრივი მიგრაციის შესახებ. ერთ–ერთი ჩვენი წყარო კი ამბობს, რომ ბავშვები ცხინვალიდან გაიგზავნენ ტურში ყაბარდო–ბალყარეთის მიმართულებით, ავტობუსებით, რომლებიც ცხინვალის ცენტრიდან გავიდა. ტური კი  იმ მარტივი მიზეზით მოეწყო, რომ ზაფხულობით ადამიანების უმეტესობა დასასვენებლად მიდის.

დღესვე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა ბაჩუკი ქარდავამ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც კოალიცია „ქართული ოცნება“ ომის განახლების საფრთხის წყაროდ დაასახელა.

„არაერთი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აქტივისტები დადიან ქუჩებში და აკეთებენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არჩევნების აღარიარების შემთხვევაში ისინი აპირებენ ქუჩებში გამოსვლას. რიგი ქართული პოლიტიკური პარტიები ბრჭყალებში, უკვე ემზადებიან, რომ რუსეთს მისცენ კარგი საბაბი და მოაწყონ პროვოკაცია იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთი შემოიჭრას. ეს არის ზუსტი ინფორმაცია. როგოზინის კაბინეტში უკვე იგეგმება და ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში გარდაუვალია რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა,“– განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქარდავას განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა კოალიციის დამოკიდებულება მშვიდობიანი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე.

„ეს არის აბსურდი. ჩვენი ერთადერთი მიზანია აბსოლუტურად მშვიდობიანად, დემოკრატიულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ ოქტომბრის არჩენებში, ისე რომ არანაირი ექსცესი არ მოხდეს,“– ამბობს მაია ფანჯიკიძე.

რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია ცხინვალის მოსახლეობისგან დაცლის თაობაზე, ამის შესახებ ამერიკის ხმა ლიახვის ხეობის მაჟრიტარ დეპუტატ ბადრი ბასიშვილს ესაუბრა, რომელმაც არ დაადასტურა ცნობები უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე. მისი ინფორმაციით  ცხინვალს მოსახლეობა არ ტოვებს. ბასიშვილის პროგნოზი ცალსახად დაემთხვა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის ბაჩუკი ქარდავას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“არჩევნებში წაგების გამო ქუჩის აქციებს დაიწყებს.

„არამგონია მოსახლეობაში რაიმე შიშის გრძნობა იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ შიდა პოლიტიკური მოვლენები ნორმალურად განვითარდება,რუსეთი ვერაფერს დაგეგმავს, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მისი გაუწონასწორებელი პოლიტიკის გამო. მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ გააქტიურების შემდეგ, რომელიც პრორუსული პარტიაა, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რადგან როგორც პუტინი ამბობდა, 2008 წელს ომი ქართველემა დაიწყეს, ივანიშვილი და ქართული ოცნებაც იგივეს ამბობს, მათი იდეები და აზრები თანხვედრაშია. მე ვფიქრობ, თუ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იქნება და არჩევნების შემდეგ ივანიშვილი დაიწყებს ქუჩის გამოსვლებს, ეს უფრო მეტ საბაბს მისცემს რუსეთს პროვოკაცია განახორციელოს და რაც წლების განმავლობაში აქვს ოცნება ქართული ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს, გაუადვილდება ამ აზრის ხორცშესხმა“,– ამბობს ბადრი ბასიშვილი.

ექსპერტი, ანალიტიკოსი არჩილ გეგეშიძე, რომელსაც ვთხოვეთ 2008 წლისა და წლევანდელ ზაფხულს შორის პარალელები გაევლო და დაძაბულობის ესკალაციის ალბათობა შეეფასებინა, ამბობს, რომ ვითარება 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცალსახად განსხვავებულია. იგი ომის საფრთხეს გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკანასკნელ ხანებში გახშირებული საუბრები რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის თაობაზე ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება.

„ახლა განსხვავებული ვითრებაა, ის რისკები, რაც იმ პერიოდს ახლდა, ახლა ან არ არის, ან შესამჩნევად დაბალია. ამიტომ მე პირადად რაიმე საგანგაშოს ვერ ვგძრნობ, ჩემი პოლიტიკური ანალიზიდან გამომდინარე. მაშინ სულ სხვა ფაზაში ვიყავით კონფლიქტის მოგვარების. მცდელობა იყო კონფლიქტის გალღობის, ამ გალღობის ფაზაში რუსეთის დისკრედიტაციის, რუსეთს თავის მხრივ უნდოდა საქართველოს დასავლეთისკენ სვლის შეჩერება.

მაშინ აქტიურად იყო საუბრები ნატოში ინტეგრაციის თაობაზე,  უფრო სწორად, პერსპექტივა უფრო მკაფიო და გამოკვეთილი იყო, სამიტი ახალი ჩატარებული გახლდათ და საუბარი იყო მაპზე, ამიტომ ომის ალბათობა მაშინ ბევრად მაღალი იყო. ახლა კი არც ერთი ეს ფაქტორი არაა. ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ პატრულირებენ ევროკავშირის მონიტორები და თუ რაიმე იქ ხდება მართლაც საეჭვეო, პირველ რიგში ისინი უნდა ხედავდნენ, თუმცა მათი რაიმე განცხადება ამ მიმართულებით, მე არ გამიგია. არის სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, რომ რუსეთი რაღაცას შეეცდება და ამას ხელს უწყობს ოპოზიციური ძალები. ეს ყველაფერი არის სულ არჩევნებთან დაკავშირებული ფუჭი და მცდარი რიტორიკის ექოები“,– ამბობს არჩილ გეგეშიძე.