პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩუღურეთსა და დიდუბეში სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრა.
დოლიძის განცხადებით, წყლის პრობლემა აწუხებს როგორც ჩუღურეთის, ასევე დიდუბის მოსახლეობას და ხელისუფლებას სასმელი წყლით მოწამლული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდას სთხოვს.
„ბულაჩაურის წყალსაცავი რამდემიმე დღის წინ დახურული იყო და თბილისს წყალი თბილისის ზღვიდან მიეწოდებოდა, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებდა. ამის გამო რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ. ხელისუფლება და ადგილობრივი გამგეობა ვალდებულია, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინოს“,- განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, „თბილისის წყალი“, რომელიც კერძო კომპანიაა, ვალდებულია მოსახლეობას სუფთა წყალი მიაწოდოს ან მოახდინოს მოსახლეობის გაფრთხილება, თუ ასეთი გადართვები ხდება.
„იმ ადამიანებს კი, რომლებიც სავადმყოფოში მოხვდნენ, ხარჯები აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეს“,- აცხადებს დოლიძე.