დარჩიაშვილი კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“  წერილს უტაქტოს უწოდებს

დარჩიაშვილი კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ წერილს უტაქტოს უწოდებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ ორგანიზაციის მიერ დაწერილ წერილს უტაქტო წერილს უწოდებს.

დავით დარჩიაშვილი განმარტავს, რომ კოალიციას „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ არ იცნობს და არც ამ ოფისის ხელმძღვანელს იცნობს.  

„ჩემი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რომ ასეთი წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს „გლობალტივის“ უკან პოლიტიკური ძალა იდგა. ეს არის უტაქტოდ დაწერილი წერილი. იმიტომ, რომ მერიის მიერ ინტერნეტსივრცის გაფართოებას შეადარო პოლიტიკაში მოსული კერძო მილიარდელის ქონების დარიგება და ამაში დემოკრატიის შეზღუდვა დაინახო, მინიმუმ უტაქტოდ დაწერილი წერილია“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა. 

კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ სახელით პრეზიდენტის სახელზე მომზადებული მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლონდონის ოფისის ხელმძღვანელმა ნანა ელიოტმა მიიტანა.

მიმართვის თანახმად, ემიგრანტები მზადყოფნას გამოთქვამენ, ქართულ სახელმწიფოს პირველ ეტაპზე საჩუქრად 50 ათასი სატელიტური თეფში გადასცენ და ხელისუფლებამ ეს საჩუქარი სახელმწიფოს სახელით თავად გაავრცელოს.

„ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მხარს ვუჭერთ ყველა დადებით მოვლენას, მაგრამ ზუსტად ასევე გვაღელვებს ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად იჩენს თავს. ასეთად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ სატელიტური თეფშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაჩაღებული კამპანია, რომელსაც, ჩვენი აზრით, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან. მიგვაჩნია, რომ სატელიტური თეფშების დაყადაღება ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის პრევენციის მოტივით არ შეიძლება, გამართლებული იყოს და დასავლურ, ევროპულ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ჩვენ მივესალმებით იმ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ხელისუფლებამ, კერძოდ კი თბილისის მერიამ დედაქალაქის საჯარო სივრცის უკაბელო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით განახორციელა. ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას უკაბელო ინტერნეტით უფასოდ და შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა. ამასთან, ვთვლით, რომ სატელიტური თეფში, როგორც საკომუნიკაციო საშუალება, თავისი არსით ინტერნეტისგან არ განსხვავდება, რადგან ორივე მათგანის დანიშნულება საბოლოოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენი აზრით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე მომზადებულ მიმართვაში.