6 აგვისტოდან საქართველოში 2008 წლის აგვისტოს „ხსოვნის კვირეული იწყება“, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება. კვირეულის ორგანიზატორები გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე, შს სამინისტროს არქივის უფროსი ომარ თუშურიშვილი, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, მხატვარი გია ბუღაძე და საჯარო ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი არიან.
ხსოვნის კვირეულთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა დღეს გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
კვირეულის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში 6 აგვისტოს 17.00 საათზე გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით ,,საქართველოს მოპარული ისტორია“. გამოფენა 12 აგვისტომდე გაგრძელდება და იქ წარმოდგენილი იქნება დოკუმენტაცია, ფოტო მასლა და პრესა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1921 წლის ოკუპაციამდე და რა მოხდა რუსული ოკუპაციის შემდეგ.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, სახელწოდებით ,,ნელი მოქმდების ნაღმები“, სადაც გავლებულია პარალელები 1921 წელსა და 2008 წელს მიმდინარე მოვლენებს შორის. ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებზე დაყრდნობით არის მომზადებული.
7 აგვისტოს 17.00 საათზე თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით ,,მშვიდობა“. გამოფენაში მონაწილეობენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების შვილები, რომლებიც თავიანთ ემოციურ განწყობას გაუზიარებენ დამთვალიერებლებს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, სასურველია კვირეულის დამთავლიერებლებს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა საპატივცემულოდ, გულზე წითელი ყაყაჩო ეკეთოთ. გულსაბნევი ყაყაჩოების გაყიდვა უკვე დაწყებულია რამდენიმე წიგნის მაღაზიასა და სუპერმარკეტ ,,სმარტის“ ქსელებში. მისი შეძენა შესაძლებელია 1,5 ლარად. აღნიშნული თანხა ფონდ ,,წითელ ყაყაჩოში“ გადაირიცხება.