კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის, Must Carry-ს შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიაჩნიათ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაარღვია კანონით დაკისრებული ვალდებულება და დადგენილ ვადებში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ მაუწყებლებსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართაც Must Carry-ს დებულებები ვრცელდება.
კოალიციის წარმომადგენელის ლევან დოლიძის განცხადებით, კომისიის წარმომადგენლები მედიის საშუალებით კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ.
„კომისიის განცხადების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შესაბამისი სამაუწყებლო არხების თავიანთ მომსახურების პაკეტში ჩასმის ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობათ, რაც ტელეკომპანიის წერილობით შეტყობინებას მიიღებენ და თავად ტელეკომპანიები უზრუნველყოფენ სიგნალის მიწოდებას. კანონის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება Must Carry-ს შესახებ მიღებულ საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს ტელეკომპანიების მიერ წერილობითი შეტყობინების ან სიგნალის მიწოდების ვალდებულებას“, - განაცხადა დოლიძემ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს კანონის არასწორი ინტერპრეტაციისგან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული კანონის ეფექტურად აღსრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, Must Carry-ს პრინციპის შესრულება მინიმუმ ორი კვირით დაგვიანდება.