დავით ბაქარაძე კანონს არღვევს. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც პირველ რიგში კანონის დაცვა ევალება, თავად არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას.
ბაქრაძემ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა დაიწყო და რაიონებს სტუმრობს. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რომ არა ერთი გარემოება, ბაქრაძე რაიონებს სამსახურის მანქანით, ხან კი ვერტმფრენით სტუმრობს.
დღეს ბაქრაძე კახეთს ვერტმფრენით ესტუმრა. ვერტმფრენი კი არც ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს ბაქრაძეს არა ჰყავს.
შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობამ ვერტმფრენი დაიქირავა და ამისთვის თანხა გადაიხადა, მაგრამ ეს ამ პარტიის ხარჯებში უნდა აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონდარღვევაა.
კახეთში ბაქრაძის ჩასვლის მიზეზი სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატების წარადგენაა. ბაქრაძემ კახეთის სამ რაიონში – ახმეტაში, ყვარელში და თელავში მაჟორიტარები წარადგენა. ახმეტაში კენჭს უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი იყრის, ყვარელში - დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი, თელავში - ამ რაიონის მოქმედი მაჟორიტარი ვასილ დავითაშვილი.
გუშინდელი დღე ბაქრაძეს უქმად არ დაუკარგავს.
პარლამენტის სპიკერმა პირველივე დღეს დაიწყო კანონის დარღვევაზე „მუშაობა“. 2 აგვისტოს, ის თეთრიწყაროს, ბოლნისსა და დმანისს ესტუმრა და ამ რაიონების მოსახლეობას სამი საკმაოდ მდიდარი მაჟორიტარი წარუდგინა.
სამივე რაიონის მოსახლეობა ამ კანდიდატებს დიდი ხანია იცნობს. მაგალითად, თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილია, რომელიც სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლოს რითაც ბეჟუაშვილმა ადგილობრივებს თავი დაამახსოვრა ის იყო, რომ პურ–მარილი გაშალა, თუმცა, მისი „ხელგაშლილობა“ ფართო საზოგადოებამ შეიტყო და არასამთავრობების ნაწილმა ხმაური ატეხა: ბეჟუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვას ეწევაო. მაგრამ, ამ ხმაურმა ბეჟუაშვილს ვერაფერი დააკლო და ის კვლავაც ამ რაიონის მაჟორიტარად არის დასახელებული.
მოსახლეობა ასევე კარგად იცნობს ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატს მილიონერ დეპუტატს კობა ნაყოფიას. მან დეპუტატობამდე რუსეთში სხვადასხვა სამსახურში იმუშავა და საკმაო კაპიტალიც დააგროვა. ქართულ საზოგადოებას კი ნაყოფიამ თავი იმით დაამახსოვრა, რომ ფილმის – „აგვისტოს 5 დღის“ მთავარი დამფინანსებელია.
რაც შეეხება დმანისს, ამ რაიონში ბაქრაძემ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი წარადგენა, რომელიც პარლამენტში მოხვედრამდე
იმით იყო ცნობილი, რომ შ.პ.ს. "PSP –ს გენერალური დირექტორი იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე სამივე რაიონს პარლამენტის, ანუ სამსახურეობრივი მანქანით ესტუმრა. თან პარლამენტის თანამშრომლებიც ახლდა. ეს კი არც მეტი არც ნაკლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
მართალია ბაქრაძე ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ის ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობს და ამას პარტიის სახსრებით უნდა აკეთებდეს და არა სახელმწიფოს ხარჯზე.