კოალიცია „ქართული ოცნება“ აჭარის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, ხუთ აგვისტოს კი საარჩევნო პროგრამის გაცნობას აპირებს აჭარლებისთვის. კოალიციის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ყველაზე მეტად აჭარლებს ერთი კითხვა აწუხებთ-რატომ? „რატომ ვერ მოგვარდა ეს პრობლემები აქამდე, თუ ამის გაკეთება შეიძლებოდა. რატომ დაიხარჯა ანბანის მონუმენტის დადგმაზე 60-65 მილიონი, როდესაც შეიძლებოდა რამდენიმე საწარმო აშენებულიყო, ან ძველი მაინც ამუშავებულიყო“,-აცხადებს გიორგი ვოლსკი From.ge-სთან საუბარში.
-რა პრობლემები აქვს აჭარის მოსახლეობას?
-ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრები გავმართეთ როგორც აჭარის მაღალმთიან სოფლებში, ასევე ქობულეთშიც. პრობლემები აჭარაშიც ისეთივეა, როგორც დანარჩენ საქართველოში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემები მოუგვარებელი არ არის თუ „ქართული ოცნება“ ამ პრობლემების გადაწყვეტას იმ პროგრამით და შეხედულებებით შეეცდება, რომელიც მას გააჩნია სოფლის მურნეობის აღორძინების სფეროში, მაშინ ყველა პრობლემა რაც დღეს აჭარაში არის, ადვილად დასაძლევია.
“ქართულმა ოცნებამ“ ექსპერტთა ჯგუფის შვიდ-რვა თვიანი მუშაობის შემდეგ გააჟღერა ის თანხა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებაში უნდა ჩაიდოს-1 მილიარდი დოლარი. ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ზუსტად იგივე თანხა არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეასრულებს დანაპირებს. ჩვენ კარგად გვახსოვს მათი ლოზუნგები-საქართველო სიღარიბის გარეშე! აგრარული საქართველო! ეს ლოზუნგები ჩვენც გვახსოვს და აჭარელ მოსახლეობასაც, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.
-აჭარაში ციტრუსის და თამბაქოს დიდი პოტენციალი ყოველთვის იყო, თუმცა აჭარლები დღეს თურქეთში დადიან დაქირავებულ დღიურ სამუშაოზე...
-არადა აჭარაში სოფლის მეურნეობის ძალიან დიდი პოტენციალია, თუნდაც ციტრუსი ავიღოთ. ამ მოსავალს ბაზარი სჭირდება, ბაზარზე გასვლას კი პოლიტიკური გადაწყვეტილება. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი ხელისუფლებაც ალაპარაკდა. რეგიონალურ უსაფრთხოების, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე რა რესურსების გამოყენებაზეც ამერიკა, ევროკავშირი ან თუნდაც ნატო გველაპარაკება, სწორედ ამ რესურსების ამოქმედებას მოითხოვს ხელისუფლებისგან ქართველი ხალხი. ციტრუსები აჭარისთვის სახელმწიფო ვალუტის ტოლფასია. მაღალმთიან აჭარაში მიწის ნაკლებობას განიცდის მოსახლეობა, თუმცა იქაც არის ეს რესურსი, რომ მოსახლეობა ფეხზე დადგეს.
მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო. აჭარის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თურქეთში ჩაის საკრებადაა წასული. თქვენ არ იცით რა პირობებში უხდებათ მათ მუშაობა, ექცევიან როგორც მონებს. ეს ძალიან თრგუნავს მოსახლეობას. ეს არის „ტრეფიკინგის“ დანაშაულთან დაახლოებული დანაშაული. როგორც ელიავას ბაზრობაზე ხდება მუშები რომ ელოდებიან როდის დაიქირავებენ, ასეთი მდგომარეობაა ზუსტად. თურქი დამქირავებლები მათ თვიურად 700-800 ლარის ექვივალენტის ხელფასს უხდიან და აჭარლები აცხადებენ, რომ მზად არიან ამის ნახევარ თანხაზე იმუშაონ, ოღონდ აქ იყოს, საქართველოში. ხშირადაა შემთხვევებიც, როდესაც თურქეთში გადაჰყავთ სამუშაოდ, მაგრამ თურქები იქ „აგდებენ“. შრომით დაცვასა და კოდექსზე საუბარი ზედმეტია. ისინი დღეში 12-13 საათს მუშაობენ.
აჭარის მოსახლეობას ძალიან უჭირს ეკონომიურად, ძალიან ბევრს სამკურნალო ფულიც არ აქვს, ბევრს აქვს პოლისები, მაგრამ მაინც არ ყოფნით მკურნალობისთვის თანხები.
-რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხალხს „ქართული ოცნების“ აქციაზე გასვლას უშლიან და ემუქრებიან, რა ხდება ამ მხრივ აჭარაში?
აქაც, როგორც მთელ საქართველოში,ხელისუფლების აქტივისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე არ წავიდნენ. არის ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც გაფრთხილებულ-დაშინებულია. ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა. საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებმაც ხმა ამოიღეს, რეგიონებში გარდატეხა შეინიშნება, ხალხი საკმაოდ ხმამაღლა გამოხატავს პროტესტს. ისინი გრძნობენ, რომ ამ ქვეყანაში მათაც რაღაც უფლებები გააჩნიათ. ნაციონალების აქტივისტები დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე არ წავიდნენ, თუმცა მოსახლეობა უკვე აღარ უთმობს და ხდება ხმამაღალი შელაპარაკებაც.
საუბარი გვქონდა რამდენიმე პოლიციელთან, მათი ოცნება გახლავთ ის, რომ კრიმინალებს სდიონ და არა თანასოფლელებს. მათ პოლიციის დეპოლიტიზირება სურს. ასევე არიან გამგებლებიც, რწმუნებულებიც, მათ ესმით სოფლის მეურნეობა, აგრონომია, ეკოლოგიის პრობლემებსც მშვენივრად განიხილავენ. ბევრი ადამიანები არიან, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ სოფელი ისევ აირჩევს.
-აჭარლების ეს განწყობა კვირას ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციაზე თუ აისახება?
- რასაკვირველია აისახება. მაგრამ ყველაზე მთავრია, რომ ჩვენთან შეხვედრები მოსახლეობას ოპტიმიზმს აძლევს. მათ გაიგეს, რომ ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია. მოსახლეობას აწუხებს ყველაზე მეტად ერთადერთი კითხვა-რატომ? რატომ დაიხარჯა ანბანის მონუმენტის დადგმაზე 60-65 მილიონი, როდესაც შეიძლებოდა რამდენიმე საწარმო აშენებულიყო, ან ძველი მაინც ამუშავებულიყო, მონუმენტის, სადაც რუსთავი 2-ის სტუდიაა განთავსებული, რატომ არ შეიძლება მარკეტინგის სფეროს მოგვარება, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდებოდა. ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, აჭარის მაღალმთიან სოფელში ვარ და გასაოცარი ხედებია, არაჩვეულებრივი ადგილებია ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ტურიზმის განვითარებას ინფრასტრუქტურის განვითარებაც უნდა. არ არის გზა, არ არის ელემენტარული პირობები იმის, რომ ტურისტმა აქ რამდენიმე დღე გაათენოს. აჭარაში უამრავი რესურსი არსებობს იმის, რომ მშვენიერი პროექტები განხორციელდეს, რათა მოსახლეობა ფეხზე დადგეს.