არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მმართველი პარტიის მიერ, ადმინიტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული სოციალური რეკლამების დიდი ნაწილი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენს და მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ემსახურება.
მათი განცხადებით, ბოლო თვეებში სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით გასული ვიდეორგოლების გარკვეული რაოდენობა შეისწავლეს, რომელთაგანაც უმეტესობა საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე მოგვითხრობს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვიდეომასალის სოციალური რეკლამის სახით განთავსებაში დამკვეთი უწყება საფასურს არ იხდის, თუმცა, ასეთი ტიპის პროდუქცია გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამაა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოცემული განმარტების ფარგლებს აშკარად სცდება სოციალური რეკლამის სახით გასული შემდეგი ვიდეორგოლები: „ენერგოდამოუკიდებელი საქართველო“ - სადაც საუბარია წარსულში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ხელისუფლების დამსახურებით მიღწეულ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე; „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება“ - რაც სცდება სოციალური რეკლამის ფარგლებს, რადგან ვიდეორგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებზე „ვარდების რევოლუციამდელ“ მთავრობასთან შედარებით; ასევე, ვიდეორგოლები - „დამზადებულია საქართველოში“, „მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა“, „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში“, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“. აშკარაა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები გარდა იმისა, რომ თავისი შინაარსით სოციალური რეკლამა არაა, ხშირ შემთხვევაში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებულ პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენენ“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორსო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის სოციალური რეკლამების დამზადება და განთავსება სახელმწიფო სახსრებით მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ასეთი ქმედებები სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს შლის, რითაც ირღევა ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება; საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, არ დაარღვიოს კანონი და ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად არ გამოიყენოს.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მეტი ყურადღება მიაქციოს სოციალური რეკლამის სახით გასულ პროდუქციას და მიიღოს გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ საკითხს და მიიღოს შესაბამისი ზომები.