„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კვლევის - „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“ პრეზენტაციას გამართა. მათ მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ საქართველოში ნავთობ პროდუქტების ბაზარზე ოლიგოპოლიური ვითარებაა შექმნილი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ფორმალური ბარიერების სიმცირის მიუხედავად, დღეისთვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე ჩამოყალიბებულია ოლიგოპოლური სტრუქტურა და ერთი მხრივ, ბაზარზე მოქმედი კომპანიების რიცხვის შემცირება, მეორე მხრივ, ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
„2006-2011 წლებში საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის წილი საერთო ბრუნვაში 20%-დან 7%-მდე შემცირდა. ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების დინამიკას ერთგვარი ანომალაია ახასიათებს - საერთაშორისო ბაზარზე „პლატსის“ ფასების ზრდას ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოსდევს. თუმცა, ფასების კლებისას, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში საწვავის ფასის შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება. ამასთან ნავთობპროდუქტების ბაზარზე პარალელიზმი შეინიშნება, როგორც სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებულ ფასებს შორის, ისევე, ფასების ცვალებადობის დროს. ეს კი, აღნიშნულ სუბიექტებს შორის კომერციული სტრატეგიის კოორდინირების მცდელობაზე მიუთითებს“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ იმ მონაცემებს შორის, რომელიც იტალიიდან საქართველოში საწვავის იმპორტს ეხება, მნიშვნელოვანი განსხვავევებებია. ანალოგიური ვითარებაა ბულგარეთთან მიმართებაში.