საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის სახელზე ქართველი ემიგრანტების მიმართვა შევიდა. კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ სახელით პრეზიდენტის სახელზე მომზადებული მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლონდონის ოფისის ხელმძღვანელმა ნანა ელიოტმა მიიტანა.
მიმართვის თანახმად, ემიგრანტები მზადყოფნას გამოთქვამენ, ქართულ სახელმწიფოს პირველ ეტაპზე საჩუქრად 50 ათასი სატელიტური თეფში გადასცენ და ხელისუფლებამ ეს საჩუქარი სახელმწიფოს სახელით თავად გაავრცელოს. მათ იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი მათ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურება, რადგან ემიგრანტების შეფასებით, აღნიშნული შეთავაზება ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის კითხვებს ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მხარს ვუჭერთ ყველა დადებით მოვლენას, მაგრამ ზუსტად ასევე გვაღელვებს ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად იჩენს თავს. ასეთად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ სატელიტური თეფშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაჩაღებული კამპანია, რომელსაც, ჩვენი აზრით, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან. მიგვაჩნია, რომ სატელიტური თეფშების დაყადაღება ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის პრევენციის მოტივით არ შეიძლება, გამართლებული იყოს და დასავლურ, ევროპულ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ჩვენ მივესალმებით იმ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ხელისუფლებამ, კერძოდ კი თბილისის მერიამ დედაქალაქის საჯარო სივრცის უკაბელო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით განახორციელა. ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას უკაბელო ინტერნეტით უფასოდ და შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა. ამასთან, ვთვლით, რომ სატელიტური თეფში, როგორც საკომუნიკაციო საშუალება, თავისი არსით ინტერნეტისგან არ განსხვავდება, რადგან ორივე მათგანის დანიშნულება საბოლოოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენი აზრით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკაბელო მაუწყებლები ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ ფარავენ, რის გამოც ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის ამოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს არჩევნების წინ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს, გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას: ჩვენ, ქართველი ემიგრანტები გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ პირველ ეტაპზე 50 ათასი სატელიტური თეფში ქართულ სახელმწიფოს საჩუქრად გადავცეთ, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს სახელმწიფოს სახელით მათი გავრცელების საშუალება“, - ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე მომზადებულ მიმართვაში.
კაოლიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ პრეზიდენტისგან პასუხს 10 დღის ვადაში ელის.