ე.წ. „Must Carry“-ის პრინციპი ამოქმედდა

ე.წ. „Must Carry“-ის პრინციპი ამოქმედდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საკაბელო კომპანიებმა ე.წ. „Must Carry“-ის პრინციპის განხორციელება დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, 1 აგვისტოდან საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო ოპერატორებს) ავალდებულებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლების ტრანზიტი განახორციელონ.

„ამ მომენტისათვის საკაბელო ოპერატორებმა სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი უკვე დაიწყეს, კერძოდ, კახეთის  საკაბელო ოპერატორმა შპს „გორდამ“, რუსთავში მოქმედმა საკაბელო ოპერატორმა, შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „მაგთიკომმა“ საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროს“ და „მეცხრე არხის“  სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტი უკვე განახორციელეს. ტექნიკური პარამეტრების შეთანხმების პროცესი სს „სილქნეტსა“ და შპს „მეცხრე არხს“ შორის მიმდინარეობს“,- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ცალკეულ მაუწყებლების მიერ საზოგადოების აშკარად შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, საქართველოს საარჩევნო კოდექსით საკაბელო ოპერატორებისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პროცედურულ დაბრკოლებებს ხელოვნურად ქმნის.

„კომისია განმარტავს, რომ საკაბელო ოპერატორები ვალდებული არიან, რომ საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განათავსონ და საკუთარ აბონენტებს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სიგნალი მიაწოდონ. ამდენად, იმისათვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს, აუცილებელია საკაბელო ოპერატორებსა და დაინტერესებულ მაუწყებელს შორის შედგეს კომუნიკაცია. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ერთის მხრივ, ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება (მაგალითად, გარკვეული უნდა იქნას სამაუწყებლო სიხშირე ან თანამგზავრის კოორდინატები, ვიდეო/აუდიო სიგნალის კოდირება, ნაკადის ფორმატი და სხვ.) და მეორეს მხრივ,  საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალის ტექნიკურად მიტანა საკაბელო ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ჩართვის წერტილამდე, ხოლო საკაბელო ოპერატორმა - ამ მიწოდებული სიგნალის გატარება აბონენტებამდე. ასეთია საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკა და ასეთი განმარტებები იქნა გაცემული არაერთ შეხვედრაზე, რომელიც შედგა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი საკუთარ სიგნალს საკაბელო ოპერატორის ქსელში ჩართვისთვის მიიტანს, ხოლო ის  არ განათავსებს არხს თავის სამომხმარებლო პაკეტში და არ მიაწვდის აბონენტებს სიგნალს, მაუწყებელი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას, რომელიც ვალდებულია, 48 საათის განმავლობაში განიხილოს საკითხი და დამრღვევი საკაბელო ოპერატორის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გაატაროს, კერძოდ, გააფრთხილოს დამრღვევი, ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩეროს ავტორიზაცია ერთი წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის მხრიდან საკაბელო ოპერატორი ტექნიკურ ინფორმაციას არ მიიღებს, რომელიც აუცილებელია მაუწყებლის ქსელში განსათავსებელად და მაუწყებელი არ უზრუნველყოფს საკუთარი სიგნალის საკაბელო ოპერატორამდე მიტანას, საკაბელო ოპერატორისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იქნება სამაუწყებლო არხის  საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა საკითხების  ნათლად განმარტების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეიდან დამატებით სპეციალური ცხელი ხაზი, ნომრით -   0800 900 907 და   0800 900 908 ამოქმედდება.