მომღერალი ვალერი მელაძის განცხადებით, კახი კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს და ამბობს, რომ არ ეგონა, ამ ფოტოების გამო „ამხელა ხმაური თუ ატყდებოდა“.
„არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა არ მიმიღია. მით უმეტეს საქართველოში, რომელიც ჩემი სამშობლოა და სადაც მინდა, რომ სიმშვიდე და სიწყნარე იყოს. რაც შეეხება კახას, მრავალი წელია მასთან ვმეგობრობ, კახასთან მანამდეც ვმეგობრობდი, სანამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა. კახა კიევის „დინამოში“ თამაშობდა, მე კი ახალი დაწყებული მქონდა კარიერა, ხანდახან ჩვენ რესტორანშიც ვსხდებოდით ერთად. მე ვამაყობ, რომ მასთან ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ამ ადამიანს. ჩვენი ერთად გადაღებული ფოტო არ ატარებს პოლიტიკურ შინაარსს. მე ვნახე, რომ მას ეცვა ეს მაისური, მან მითხრა,, შენი ზომაც მაქვსო. ფოტო ერთად გადავიღეთ და იმეილზე გამომიგზავნა. მე არ მივიღებ არც ერთ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობას, ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთშიც ბევრმა პარტიამ მთხოვა მონაწილეობის მიღება. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ყველამ მინდა ძალები არ დაზოგოს, რომ საქართველო იყოს კარგად. მე ჩემი მხრიდან ამას ვაკეთებ საქველმოქმედო კონცერტის სახით. ილია მეორის კურთხევით ამ საქველმოქმედო კონცერტს ვატარებ და ამით ამაყი ვარ. ეს არ იყო პოლიტიკური აქცია, ეს იყო მეგობრული აქცია და არ მეგონა, ამხელა ხმაური თუ ატყდებოდა ამ ფოტოების გამო. მეგობრობა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა“, - განაცხადა მელაძემ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გუშინ საღამოს მისი და ვალერი მელაძის ფოტოები გავრცელდა, სადაც კალაძესა და მელაძეს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურები აცვიათ.
ბათუმის პიაცაზე ვალერი მელძის კონცერტი გუშინ გაიმართა. კონცერტი მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რადგან 2 აგვისტო ილიაობაა, მისი მფარველი აგელოზის დღე. კონცერტს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.
მომღერალმა თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა.