პატიმარ მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა სასამართლომ კი, მისი გათავისუფლების შესახებ, სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოში პროცესი დღის პირველ ნახევარში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ვაჩნაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მელორ ვაჩნაძის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული.
ადვოკატის თქმითვე, მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის დაუყოვნებლივ სეფსისის ცენტრში გადაყვანას საჭიროებს, რადგან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრის მკურნალობა შეუძლებელია.
შესაბამისად, ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ევროსასამართლოში გასაჩივრდება.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრობაში მყოფ მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით ბოლო განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გაყვანას არ საჭიროებს და აქედან გამომდინარე, მოთხოვნას, მისი სამოქალაქო სექტორში გადაყვანის შესახებ, სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებს.
რამდენიმე დღის წინ მელორ ვაჩნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს. მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომელიც პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს განიხილავს, ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოჯახის წევრებმა კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სასამართლომ დღეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ამასთან, 20 ივლისს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში.