ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია დღეს მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში იმყოფებოდა. როგორც მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, მის დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვა ნაკლებად ჰქონდა. ამ შეხვედრის მიზანი იყო ნაჭყებიების საგვარეულო დღესასწაულზე, ქეჯვარობაზე დასწრება. მაგრამ, როგორც მანანა ნაჭყებიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის პოლიტიკურ დატვირთვას მაინც ვერ ასცდა.
„ძნელია ისეთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ რაიონში, როგორც მარტვილია, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პოლიტიკას გვერდი აუარო. მარტვილის რაიონის სოფლებში არსებული მძიმე მდგომარეობა ზოგადად სოფლის მიმართ ხელისუფლების უყურადღებობის ბრალია. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარტვილში კენჭს არ ვიყრი, საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დავიცავ. მე ვიქნები არამხოლოდ ზუგდიდის დეპუტატი და ზუგდიდელთა ინტერესების დამცველი, არამედ სამეგრელოს ყველა რაიონის ინტერესების დამცველი,“–განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.